სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდასთან ერთად ბოლო წლებში, საქართველოში მზარდია ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების მოხმარება. სასუქების და პესტიციდების გამოყენება დადებითად აისახება მოსავლიანობაზე და ზოგადად სექტორზე, თუმცა ფერმერებისთვის უცხოა ის საშიშროება, რომელიც შესაძლოა ვადაგასული პესტიციდისა და ქიმიური სასუქების არასწორმა მართვამ გამოიწვიოს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მოხმარებული პესტიციდების რაოდენობა, მისმა რაოდენობამ 2014 წელს 3081.1 ტონა შეადგინა, ხოლო 2019 წელს 5391.3 ტონა.
დღეისათვის ქვეყანაში მოქმედებს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, რომელშიც დეტალურად არის განხილული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური და უსაფრთხო მოხმარების საკითხები. კანონით გათვალისწინებულია საკითხები ვადაგასული და აკრძალული პესტიციდების, მათი ჭურჭლის გაუვნებელყოფის, განადგურების და განთავსების მეთოდების შესახებ.
მიუხედავად მოქმედი კანონების და რეგულაციების ამ მიმართულებით ქვეყანაში არ არსებობს ინფორმაცია ვადაგასული პესტიციდებისა თუ აგროქიმიკატების უტილიზაციის შესახებ, არ ხდება ვადაგასული პესტიციდებისა თუ ქიმიური სასუქების აღრიცხვა და შემდგომში მათი გაუვნებელყოფა. ასევე გაურკვეველი მდგომარეობაა პესტიციდების გამოყენების კონტროლზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყანაში ვაწყდებით ორ ძირითად პრობლემას ერთის მხრივ არ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული საკითხების ზედამხედველობა და მონიტორინგი. მეორეს მხრივ კი ქვეყანაში არ არსებობს ვადაგასული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უტილიზაციისთვის საჭირო დანადგარები და ინფრასტრუქტურა.
მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების და პესტიციდების არასწორი, უკონტროლო გამოყენება მნიშვნელოვნად შეუქმნის საფრთხეს გარემოს, რაც საბოლოო ჯამში, ნიადაგისა და ატმოსფეროს, სასმელი და სარწყავი წყლების დაბინძურებას გამოიწვევს.