აღნიშნული კვლევა მოიცავს სრულ ინფორმაციას კაკლის კულტურაზე, მასში დეტალურადაა განხილული კულტურის მახასიათებლები, მოთხოვნა ნიადაგურ-კლიმატური პირობების მიმართ, ჯიშები, მავნებელ-დაავადებები, პროდუქტები, პირველადი გადამუშავება, შრობა და შენახვა, ადგილობრივ წარმოება, პოტენციალი და მსოფლიო ბაზარი.
საქართველოში კაკალი პოპულარული კულტურაა. ბოლო წლებში, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კაკლის ბაღების გაშენება და უკვე 1500 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გაშენებული. ბაღების გაშენების ტემპებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველო შესაძლებელია კაკლის მსოფლიო საექსპორტო ქვეყნების სიის მოწინავე ათეულში შევიდეს.
მიუხედავად კულტურის ასეთი პოტენციალისა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კაკლის ექსპორტი საქართველოდან ფაქტობრივად არ ხდება. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი კერძო სექტორის მიერ, რათა გაიჭრას საერთაშორისო არხები ადგილობრივი კაკლის ექსპორტირებისთვის. ქართულ კაკალს ექსპორტის პოტენციალი ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთში და აზიაში აქვს.
ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 2014 წელს 5 600 ტონა კაკალი იყო წარმოებული, 2015 წელს კი 5 900 ტონა.
ქვეყანაში სამრეწველო ბაღებში, მასიურ ფართობებზე გაშენებულია შემდეგი კაკლის ჯიშები - ჩენდლერი, ფერნორი და ფრანქეტა.
კაკლის საწარმოებლად ქვეყანაში იდეალური პირობებია: იგი სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა, კარგად ხარობს მუქ-ღრმა, ნაყოფიერ, ახალ თიხნარ-კირიან და თიხიან, აგრეთვე მდინარეების ხეობებში ალუვიურ ნიადაგებზე, მისთვის ოპტიმალური ნიადაგის არეს რეაქცია PH:5-დან 8-მდეა.
Რაც შეეხება კაკლის წარმოების აგროტექნიკას, კაკლის დარგვა ხდება შემოდგომაზე ნოემბრის პირველი რიცხვებიდან 15 დეკემბრამდე, ან ადრე გაზაფხულზე. კაკლის სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ, შესაბამისი მოვლისა და აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, 1ჰა-დან შესაძლებელია მივიღოთ 3-7 ტონა მოსავალი. კაკალი იკრიფება (იბერტყება) სრული სიმწიფის სტადიაში.
კაკლის კულტურისგან შესაძლებელია მიღებულ იქნას სხვადასხვა პროდუქტები: კაკლის ნაყოფი, ზეთი, წენგო, მერქანი, ფოთლები და ნაჭუჭი.
კაკლის წარმოების ნაწილში ქვეყანაში ერთ-ერთი პრობლემა ნერგების წარმოების დაუხვეწავი ტექნოლოგია და სადედე ბაღების არარსებობაა.