მიმდინარეობს საიტის განახლება

წყლის რესურსის მენეჯმენტი

დეკემბერი 16, 2022
a82aea51b7b77a93f302e64d470e0caf.png


სოფლის მეურნეობაში წყლის რესურსების მენეჯმენტის აქტუალობა  პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია კლიმატის გლობალური ცვლილების აქტუალობასთან. მსოფლიოში დღის წესრიგში დგას კლიმატის გლობალური ცვლილებითა და გლობალური დათბობით გამოწვეულ კრიზისებთან გამკლავება. აგრარულ ინდუსტრიაშიც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა წყლის რესურსების ხელმისაწვდომობა. პრობლემა საერთოა ფერმერებისთვის მსოფლოს სხვადასხვა წერტილში.

საირიგაციო წყლის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტემპერატურის მატება და გახშირებული გვალვებია. წყლის დეფიციტიც  ძირითადად სწორედ გვალვიან პერიოდში იქმნება, როცა ყველაზე დიდია წყლის საჭიროება.  გლობალური დათბობა დიდი რაოდენობით წყლის აორთქლებას იწვევს, როგორც ხმელეთიდან, ასევე ოკეანეებიდან, მისი გავლენითვე საბოლოოდ იცვლება არა მარტო ტემპერატურა, არამედ წვიმების სიხშირე, რაც განაპირობებს წყლის რესურსის კრიზისს ცხელ დღეებში.

სოფლის მეურნეობაში წყალი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ უწყლო მიწა არ საჭიროებს წყლის მენეჯმენტს. იგი ერთნაირად აუცილებელია მშრალ და ტენიან ადგილებში. საქართველოს მაგალითზე რომ განვიხილოთ, აღმოსავლეთ საქართველოში მშრალი ჰავაა და კრიტიკულ პერიოდში წყლის კრიზისია ბაღებში, დასავლეთის რეგონებში კი ჭარბი ტენის გამო ზედმეტი წყალი აქვს მცენარეებს და სადრენაჟე არხების აუცილებლობას მოითხოვს. 

წყლის ხელმისაწვდომობის პრობლემები მზარდია კლიმატის ცვლილებების კვალდაკვალ. კლიმატის გლობალური ცვლილება გააუარესებს მდგომარეობას და სოფლის მეურნეობაში წყლის გამოყენების შესაძლებლობას არაპროგნოზირებადს გახდის.

საირიგაციო წყლის დეფიციტის შესავსებად და ამ მნიშვნელოვანი რესურსის ხელმისაწვდომობაზე პრობლემის გადასაჭრელად, ბევრი ქვეყანა ეცადა წყლის რესურსების მართვის ეფექტური მეთოდების ჩამოყალიბებას. მათ შორის აღსანიშნავია წვეთოვანი სარწყავი სისტემები, რომელიც თანამედროვე სარწყავ სისტემებს შორის, ყველაზე აპრობირებული და  ეფექტური მეთოდია. წვეთოვანი სარწყავი სისტემის  საშუალებით მცენარეს მიეწოდება ზუსტად იმ რაოდენობის წყალი, რაც მისი განვითარებისთვისაა საჭირო. წვეთოვანი სარწყავი სისტემა საშუალებას იძლევა მცენარეს სარწყავი წყალი მიეწოდოს უშუალოდ ფესვთა სისტემის ზონაში, ასევე კულტურას წყალთან ერთად მიეწოდოს სპეციალურად წყალში გახსნილი მინერალები, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსავლიანობას და ნაყოფის ხარისხს. 

ერთ-ერთი ,, ჭკვიანი” მიგნება წყლის რესურსის კონსერვაცია და საჭირო დროს მისი გამოყენების შესაძლებლობაა. ,,წვიმიანი სოფლის მეურნეობა“- ის პრაქტიკა წარმატებული გამოდგა წყლის პრობლემის გადასაჭრელად. სისტემა გულისხმობს წვიმის წყლების წყალშემკრები საცავების მოწყობას, საიდანაც წყალი ნაწილდება კულტურებზე საჭირო პერიოდულობით ნალექების არათანმიმდევრული მოსვლის პირობებში. 

მთელს მსოფლიოში, სოფლის მეურნეობის სექტორს, გლობალური დათბობის გაზრდილი ზემოქმედების ფონზე, სასიცოცხლოდ სჭირდება წყლის რესურსების მართვის მსგავსი სისტემები, რომ წყლის რესურსები რაციონალურად იყოს გამოყენებული.

ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+