მიმდინარეობს საიტის განახლება

აგოტექნიკური შეფასება, როგორც რისკების დაზღვევა

დეკემბერი 1, 2022
c636a32b536dc00be10ea9f550a26a0d.png


,,რატომ იყო რევოლუციამდელი სოფლის მეურნეობის ინდუსტრია გონებაჩლუნგი?!” - იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა თანამედროვე ტექნოლოგიები, წარმოების დეტალური გეგმა და მოსალოდნელი რისკების გათვლის შესაძლებლობა. 

თანამედროვე სოფლის მეურნეობა მოითხოვს ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ წარმოებას და რისკების შემცირების სტრატეგიების შემუშავებას. რისკების შემცირება თავის მხრივ  დაკავშირებულია წარმოებაზე მოქმედი ყველა შესაძლო რგოლის  ანალიზთან. 

უნდა გვახსოვდეს, რომ სასურველი შედეგების მიღწევა სწორი მენეჯმენტითაა შესაძლებელი, სადაც მიწათსარგებლობის გეგმის შესადგენად, აგროტექნიკურ შეფასებას და პროცესების  ანალიზს შეუძლია არსებითად გააუმჯობესოს მომავალი საქმიანობა.  

მიწათსარგებლობის ,,ეთიკა” და ნიადაგის კონსერვაციის პრობლემები მოითხოვს ზუსტ ინფორმაციებს კლიმატურ-გეოგრაფიული მონაცემების, ირიგაციის და ნიადაგის კონდიციის შესახებ. აგრო ბიზნესის წარმოების ადგილის შეფასებით, ვიღებთ ინფორმაციას მომავალი მართვის ინსტრუქციებს  და ყველა შესაძლო რისკების თაობაზე.

ნაკვეთი, სადაც იგეგმება ფერმერული საქმიანობა შეფასებული უნდა იყოს ნიადაგის შემადგენლობის, გეოგრაფიული არეალის, რელიეფის და კლიმატური პირობების მიხედვით.  აუცილებელია რესურსების სისტემური შეფასება ნიადაგის შემადგენლობის და გარემო ფაქტორების ცვლადების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ძირითადად დამწყები ბიზნესები აკეთებენ ფინანსურ ანალიზს - ინვესტიციების, საოპერაციო ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ გაანგარიშებებს. თუმცა, აგრო ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე ფინანსური გაანგარიშებები, საქმიანობის დასაწყებად საჭირო ინფორმაციის მხოლოდ ნახევარია.

ძალიან მარტივი მაგალითებით შეიძლება ამ დებულების მნიშვნელობის ჩვენება. განვიხილოთ ორი სტარტაპი, რომლებიც სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში გეგმავენ ოპერირებას. ერთი შემთხვევა, როცა წინასწარი  აგროტექნიკური შეფასების გარეშე იწყება ველზე საქმიანობა და მეორე, როცა ყველა დეტალი წინასწარაა შეფასებულ-გააზრებული. პირველ შემთხვევაში აუცილებლად გვექნება სპონტანური გადაწყვეტილებები ველზე, რომლებიც პოსტფაქტუმ მიიღება და რომლებიც ზრდიან დროსა და ფულად რესურსებს.  მარტივად რომ ვთქვათ, აგროტექნიკური შეფასების გარეშე საქმიანობის დაწყება, ნიშნავს, რომ ფერმერს მოუწევს მუდმივი წინაღობების დაძლევა წარმოების პროცესში, უკვე გაკეთებული საქმის გადაკეთება, აგროტექნიკური ვადების დარღვევა, გათვლილზე მეტი ფინანსების ხარჯვა.

მეორე შემთხვევაში, აგროტექნიკური შეფასების მქონე მეურნეობაში, სადაც წინასწარაა გათვლილი უშუალოდ წარმოების ადგილზე შესაძლო ყველა რისკი, ფერმერი თავიდან ირიდებს მოულოდნელ უსიამოვნებებს. სასოფლო-სამეურნეო კულტურებს თავიდანვე უმზადებს მათთვის ხელსაყრელ პირობებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში წესრიგს ქმნის წარმოების ყველა ეტაპზე.

უნდა აღინიშნოს, რომ აგროტექნიკური შეფასება თითოეულ მიწის ფართობზე ინდივიდუალურად დგება. ეს არ არის ბიზნეს რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება საერთო იყოს მაგალითად ერთი რომელიმე კულტურის წარმოებისთვის. აგროტექნიკური შეფასება გვეხმარება უშუალოდ წარმოების პროცესში დაიზოგოს რესურსები, ფინანსები და დრო.

წარმატებული მიწათსარგებლობის პრაქტიკის საფუძველზე, მიწის აგროტექნიკური შეფასება და ფერმერული სისტემების ანალიზის ინტეგრაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აგრო ბიზნესების წარმადობას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეში თანამედროვე ტექნოლოგიები განიხილება კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად. 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა თითქმის 9.1 მილიარდამდე გაიზრდება, რაც შესაბამისად გაზრდის საკვებზე არსებულ მოთხოვნას. ამასთან შემცირდება სოფლის მოსახლეობის წილი და მსოფლიოს ურბანული მოსახლეობა 70%-ს მიაღწევს. რეკომენდებულია საკვების წარმოების გაზრდა, რასაც თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა. მიწათსარგებლობის ეფექტური მართვის მიზანია, როგორც მინიმუმ, ბუნებრივ რესურსებზე მიწათსარგებლობის უარყოფითი გავლენის შენელება ან სრულად შეჩერება - ნიადაგის საფარის დეგრადაციაზე და ნაყოფიერების დაქვეითებაზე, ნიადაგის ეროზიაზე, გაუდაბნოებაზე, დამლაშებასა და წყლის ხარისხის დაქვეითებაზე.

აგროტექნიკური შეფასების პრაქტიკა ითვალისწინებს რესურსების რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობას, აზღვევს სხვადასხვა რისკს წარმოების სხვადასხვა სტადიაზე და კარგი საშუალებაა გრძელვადიან პერსპექტივაში სწორი მიზნებისა დამოლოდინების შექმნისთვის და სასურველი შედეგების მისაღებად. 

ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+