ბოლო პერიოდი სასოფლო-სამეურნეო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გამუდმებით გვესმის წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემების შესახებ. სოფლის მეურნეობა ერთდროულად წყლის დეფიციტის მსხვერპლიც არის და მიზეზიც.
დროსთან ერთად, წყლის პრობლემა მწვავე ხდება აგრო ინდუსტრიისთვის. ის, რომ ბუნებრივი გარემოს და კლიმატის გლობალური ცვლილება დიდ გავლენას ახდენს წყლის რესურსებზე, როგორც სოფლის მეურნეობის სექტორისთვის აუცილებელ და ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტზე, კარგად გაცვეთილი საკითხია მათთვის, ვინც ამ სექტორში ოპერირებს.
წყალი არის ეკოსისტემების სასიცოცხლო წყარო, რაზეც დამოკიდებულია დღევანდელი და მომავალი თაობების სასურსათო უსაფრთხოება. სოფლის მეურნეობა კი არის წყლის უდიდესი მომხმარებელი (მსოფლიოს მასშტაბით, სოფლის მეურნეობის სექტორი 70% მტკნარ წყალს მოიხმარს) და წყლის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც.
Რა რეაგირება შეუძლია სოფლის მეურნეობის ინდუსტრიას წყლის რესურსების ამოწურვის და არამდგრადი გამოყენების შესამცირებლად?!
ცხადია, ეს პრობლემა ერთნაირად მწვავეა და ერთნაირად აქტუალურიც ყველა მოქმედი ფერმერისთვის. ისინი მთელს მსოფლიოში ცდილობენ წყლის დეფიციტის პრობლემების გადაწყვეტას.
ამ გამოწვევას გააზრებული და კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტა და საინტერესო მიგნება, წყლის კონსერვაციაა. ღია ტიპის წყალშემკრები აუზები, ძალიან დიდ წინააღმდეგობებს ააცილებს თავიდან ფერმერებს - ამ ტიპის აუზი, პასუხისმგებელია ნალექის ჭარბი რაოდენობის დროს აკუმულირება გაუკეთოს წყალს და მისი გამოყენება ფერმერმა შეძლოს კრიტიკულ პერიოდში, როცა კულტურებისთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. რაც მთავარია, ეს უწყვეტი პროცესია. წყლის შეგროვება ხდება ყოველთვის, როცა ნალექია გარემოში და მისი ათვისება საჭიროებისამებრ, როცა ამას კულტურის ,,აგროტექნიკური რუკა” მოითხოვს მაშინ ხდება.
მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო სექტორში წამყვან ქვეყნებში, კარგად აქვთ გააზრებული პრობლემის სიმწვავე და წყლის დეფიციტის შინაარსი, ამიტომ ეს ქვეყნები ახალ მოდელზე გადაეწყვნენ. ესპანეთი, ისრაელი, ამერიკა… წყლის თითოეულ წვეთს უფრთხილდება და არცერთ ზემოთხსენებულ ქვეყანაში სასმელი წყალი არ გამოიყენება სარწყავად. დღეს საქართველოში ფერმები უკეთეს შემთხვევაში სასმელი წყლით (მათ შორის ხშირად მიშვებით მორწყვით, რაც გაუმართლებელია, მით უფრო წყლის დეფიციტის პირობებში), ან უარეს შემთხვევაში საერთოდ არ ირწყვება. საქართველოში დღემდე ,,უხვმოსავლიანი ქვეყანა გვაქვს” რიტორიკით ვცხოვრობთ, რაც უახლოეს მომავალში დიდ პრობლემებთან ჭიდილს გვაიძულებს.
თანამედროვე სოფლის მეურნეობა იქეთკენ მიდის, რომ შეგვიძლია ვაწარმოებდეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, იმ შემართებით, თითქოს არ არსებობს უნაყოფო მიწა, არ გვქონდეს წყლის პრობლემები, კლიმატის ცვლილება არ გვაფერხებდეს წარმოებაში და ასე შემდეგ. Რა თქმა უნდა, მეცნიერულ-ტექნოლოგიურმა პროგრესმა საგრძნობლად შეამსუბუქა ადამიანის შრომა სოფლის მეურნეობაში და ბევრი რისკისგან დაგვაზღვია, თუმცა, გააჩინა სხვა, მნიშვნელოვანი ასპექტები. წარმოების წინასწარი მოდელის შექმნა ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია თანამედროვე აგრო სექტორისთვის. დაგეგმილი წარმოებისას მართლა არ არსებობს უნაყოფო და უწყლო მიწები.
Რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს წყლის რესურსებთან ამ ყველაფერს?! მეურნეობის დაგეგმვის პირველივე ეტაპზევე, როცა მიწის აგროტექნიკური შეფასება დგება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ნაკვეთზე წყლის მიღების რა რესურსი არსებობს. მაგალითად არტეზიული ჭის გაკეთების შესაძლებლობა, მდინარე ნაკვეთთან ახლოს, სარწყავი არხი… პოსტ ფაქტუმ უყწლოობასთან გამკლავება აფერხებს წარმოებას და სერიოზულ დანაკარგს იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებისა და მოსავლიანობის კუთხით, ამასთან საგრძნობლად ზრდის გაუთვალისწინებელ საინვესტიციო ხარჯებს.
წინასწარ უნდა ვარჩევდეთ ჩვენთვის სასურველი კონდიციის სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ან უკვე არსებულს ვარგებთ საკუთარ საჭიროებებს და სასურველ კულტურას. წყალი, კი როგორც დეფიციტური რესურსი გათვალისწნებული უნდა იყოს საქმიანობის დაგეგმვის საწყის ეტაპზე.