საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის სხვადასახვა დარგის განვითარებასთან ერთად, იზრდება სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, პესტიციდების საშუალო წლიური გამოყენება სასოფლო-სამეურნეო ფართობებზე 1990 წლიდან 2018 წლამდე განუწყვეტლივ იზრდებოდა, სხვადასხვა კონტინენტის თითქმის ყველა ქვეყანაში. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიის კონტინენტის ქვეყნებშია დაფიქსირებული - საშუალოდ წლიურად 3.8კგ/ჰა-ზე - 2011-2012 წლებში. იგივე საანგარიშო პერიოდში პესტიციდების გამოყენების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აფრიკის ქვეყნებში ფიქსირდება, საშუალოდ 0.4 კგ/ჰა. ამ წლების განმავლობაში საკმაოდ სტაბილური მაჩვენებელი ფიქსირდება ევროპის ქვეყნებში - დაახლოებით 1.4-1.8 კგ/ჰა-ზე პესტიციდს მოიხმარს ევროპის ქვეყნები წლის განმავლობაში.
მაგალითისთვის ისრაელი, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა სოფლის მეურნეობის სექტორში, საშუალოდ წელიწადში ერთ ჰექტარ ფართობზე 12.6 კილოგრამ პესტიციდს იყენებს, 13.1კგ/ჰა-ჩინეთი, ესპანეთი-3.6,კგ/ჰა, აშშ-2.5 კგ/ჰა (მონაცემები დათვლილია მარცვლეულის მინდვრებზე).
მსოფლიოს მასშტაბით, რაოდენობით განზომილებაში ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული პესტიციდებით ლიდერობს ჩინეთი-1 763 000 ტონა, 407 779 ტონას იყენებს-აშშ, 60 896 ტონას ესპანეთი, 6093 ტონას კი ისრაელი.
2018 წლის მონაცემებით საქართველოში პესტიციდების გამოყენების მაჩვენებელია 3.13 კგ/ჰა-ზე. სხვა ქვეყნების მონაცემებს თუ შევადარებთ, საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია, თუმცა იმ ზიანის გათვალისწინებით, რასაც პესტიციდების ჭარბი გამოყენება გარემოს აყენებს, მნიშვნელოვანია დოზირების/ხარჯვის ნორმების მაქსიმალურად დაცვა და პესტიციდების ბიოლოგიური მეთოდებით ჩანაცვლება.
მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესები პირდაპირ არის დაკავშირებული სამეურნეო მასშტაბების ზრდასთან. ინტენსიური წარმოება კი იწვევს დედამიწის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაბინძურების გაზრდას.
გარემოსთვის ზიანის მიყენება მნიშვნელოვანწილად განაპირობა სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში მინერალური სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების არამიზანმიმართულმა გამოყენებამ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ნიადაგის, ატმოსფეროს, მცენარეული პროდუქტების, სასმელი და სარწყავი წყლების დაბინძურება სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით, რაც ხშირად ადამიანისა და ცხოველების არა მხოლოდ მოწამვლის, არამედ სიკვდილის გამომწვევი მიზეზიც ხდება.
საქართველოში 1998 წლის 25 ნოემბერს მიიღეს კანონი „პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ”, რომლის მიზანია უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენების და ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლები.
აღსანიშნავია რომ, საქართველოში არ გამოიყენება IA კლასი - განსაკუთრებულად საშიში და IB კლასი - ძლიერ საშიში კლასის პესტიციდები.
ქიმიის როლი სოფლის მეურნეობაში სულ უფრო და უფრო იზრდება. ეს პროცესი ცნობილია სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის სახელით, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა სფეროში ქიმიური ნივთიერებების, პროცესების და მეთოდების გამოყენებაზე.
აღსანიშნავია რომ შხამ-ქიმიკატების გამოყენებით ყოველწლიურად მსოფლიოში აღინიშნება 500 000 მწვავე მოწამვლის შემთხვევა. გაეროს მონაცემებით, წელიწადში საშუალოდ 200 000 ადამიანი იღუპება სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებით მთელს მსოფლიოში. ამერიკელი სპეციალისტების მონაცემებით ფერმერებს, რომლებიც იყენებენ პესტიციდებს 20 დღეზე მეტი ხანგრძლივობით წელიწადში, სიმსივნეების წარმოქმნის ალბათობა ეზრდებათ 6-ჯერ.
დიდია სასუქების და მცენარეთა დაცვის საშუალებების დადებითი გავლენა აგრო სფეროზე, თუმცა ის ნეგატიური ფონი, რასაც ქიმიზაცია იწვევს, მოითხოვს ქიმიკატების გლობალურ რეგულაციებს, დოზირებისა და მოხმარების წესების ზედმიწევნით დაცვას.