მიმდინარე პერიოდისთვის არ არსებობს ოფიციალური მონაცემები თბილისის გამწვანების კოეფიციენტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ქალაქში მწვანე სივრცეების ნაკლებობის პრობლემა მასშტაბური ხასიათისაა და საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს.
გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი თბილისში 1983 წელს დაფიქსირდა და იგი ერთი ადამიანისთვის 13მ2 შეადგინა, მას შემდეგ კი საგრძნობლადაა შემცირებული. აღნიშნული გამოწვეულია ერთის მხრივ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით, მეორეს მხრივ კი თბილისის ურბიციდის (ურბიციდი- თვითმკვლელ ქალაქი, გამოიხატება ქალაქის არასწორი განვითარების აღსანიშნად - სოციალური, ურბანული, არქიტექტურული მასახსიათებლების განადგურებით) უწყვეტი პროცესით, მწვანე საფარის მნიშვნელოვანი დაზიანებით, ხმობით და ხეების გაჩეხვითაა გამოწვეული.
თბილისი განიცდის საზოგადოებრივი დანიშნულების მწვანე სივრცეების მწვავე უკმარისობას. ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღეს თბილისის ურბანიზებულ ტერიტორიაზე არსებული საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი იმდენად მცირეა, რომ ვერ აკმაყოფილებს სავალდებულო ნორმას.
გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით წამყვანი ქალაქის სტატუსს წლებია ვენა ინარჩუნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე-120მ2 მწვანე საფარი მოდის. სტოკჰოლმი-87.5მ2, ამსტერდამი-45.5მ2, ლონდონი-27მ2, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია ტოკიოში-1.9მ2.
გამწვანების კოეფიციენტი, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობისა და მწვანე საფარის თანაფარდობით იანგარიშება.
უმნიშვნელოვანესია მწვანე საფარის როლი - იგი საზოგადოებას იცავს ურბანული ხმაურისა და ვიბრაციისგან, შთანთქავს ნახშირორჟანგსა და გამოყოფს ჟანგბადს, ადამიანს ეხმარება სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაში.
ქალაქ თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წელს დედაქალაქში დაირგო 28573 დეკორატიული ბუჩქი, 8713 დიდტანოვანი ხე, 9812 ბალახოვანი მცენარე, 9460 მცირე ზომის ხე. მიმდინარე წელს კი დაირგო 17082 დეკორატიული ბუჩქი, 5 202 დიდტანოვანი ხე (არანაკლებ 3 მეტრის), 6160 ბალახოვანი მცენარე. Მოწოდებული მონაცემების თანახმად, ქალაქ თბილისში 2021 წელს მიმდინარეობს 3 მწვანე ზონის რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელში თბილისში ბევრ ურბანულ ზონაში ახალი ნარგავები გაჩნდა. თბილისის მასშტაბური გამწვანების ტენდენცია აშკარად იგრძნობა. ინტენსიურ გამწვანებას ხელი შეუწყო K3 კოეფიციენტმა, რომლის მიხედვითაც ყველა სამშენებლო კომპანია ვალდებულია საცხოვრებელი ფართის პროპორციულად, ტერიტორიაზე შექმნას მწვანე ინფრასტრუქტურაც.
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებს, გამწვანების კოეფიციენტი ქუთაისში 8მ2-ია, ბათუმსა და რუსთავში 5-6მ2-ია. ნიშანდობლივია, რომ თბილისი, როგორც ევროპულ ქალაქებს, ასევე საქართველოს დანარჩენ დიდ ქალაქებსაც საგრძნობლად ჩამორჩება მწვანე საფარის მოცულობით.
ერთ სულ მოსახლეზე ქალაქში მწვანე სივრცეების რაოდენობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ინდიკატორია, რომელიც ქალაქების მწვანე სტატუსს აფასებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალაქში 1 სულ მოსახლეზე არანაკლებ 9მ2 მწვანე საფარი უნდა მოდიოდეს. ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობის გაცილებით უფრო ეფექტური ურბანული ინდიკატორი, რომელიც მსოფლიოში მოქმედებს ასე გამოიყურება - ყოველ ერთ ადამიანს საკუთარი სახლიდან 10-15 წუთის სავალზე უნდა ჰქონდეს მწვანე ზონა, დასაშვები ნორმის დასაკმაყოფილებლად.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, თბილისში 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე 10მ2 გამწვანებული სივრცე უნდა იყოს, თუმცა ეს მაჩვენებელი ევროპულ სტანდარტს საგრძნობლად ჩამორჩება. საშუალო ნორმატიული მონაცემები, ევროპული ქალაქებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 20მ2 გამწვანების არსებობას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, თბილისის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ქალაქის მწვანე სივრცეებით დაკმაყოფლება.