ქართულ რეალობაში, მიწის აგროტექნიკური შეფასება და ამ მეთოდით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების ფასის განსაზღვრა უცხო პრაქტიკაა. მიწის განფასების ყველაზე გავრცელებული მეთოდი, შედარებითი ანალიზის საფუძველზე მისი გეოგრაფიული მდებარეობის და ფართობის მიხედვით შეფასებაა. შემფასებელი კომპანია, როგორც წესი, ინტერნეტსივრცეში ან საკუთარი ბაზის მონაცემების მიხედვით აფასებს აგრარული დანიშნულების ნაკვეთებს. ჩვენთან მიწის ფასის განსაზღვრისას არ იყენებენ თანამედროვე მიდგომებს და სტანდარტებს, ტექნოლოგიებსა და ცოდნას. სინამდვილეში აგრარულ მიწებს ღირებულებას ნიადაგის შემადგენლობა სძენს და არა მხოლოდ მიწის გეოგრაფიული მდებარეობა.
თავისთავად, აგრარული მიწის ნაკვეთების ლოკაციის მიხედვით შეფასება არარაციონალური და არარელევანტურია ორი მარტივი მიზეზის გამო:
I. მიწა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებისთვის პირველადი რესურსია, ფერმერისთვის/ინვესტორისთვის პირველ რიგში დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად იცოდეს რა პოტენციალის მატარებელია მისი ნაკვეთი, სადაც გეგმავს სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენებას.
II. სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელი, რომელიც მის გასხვისებას გეგმავს, უნდა იყოს ინფორმირებული რამდენად ღირებული რესურსი შეიძლება იყოს მისი საკუთრება, რომ შესაბამისი საბაზრო ღირებულებით შეძლოს ნაკვეთის რეალიზება.
სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასის განსაზღვრას წინ უნდა უსწრებდეს მისი აგროტექნიკური შეფასება. მიწების აგროტექნიკური შეფასება აგრობიზნესის დაგეგმვის მნიშვნელოვანი ეტაპია. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ბიზნესი დაგეგვმიდან იწყება, რაც წარმოადგენს წარმოების საფუძველს. აგროტექნიკური შეფასების დასკვნის და რეკომენდაციების ნაწილი, ფერმერს საშუალებას აძლევს გამორიცხოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები, ამასთან ამცირებს მომავალ გაუთვალისწინებელ დანახარჯებს. მიწის აგროტექნიკური შეფასების პროცესი პირველ ეტაპზე ითხოვს ოდნავ მეტი ინვესტიციის განხორციელებას (აგროტექნიკური შეფასების ღირებულების სახით), თუმცა მომავალში, მისი ღირებულება არათუ კომპენსირდება, არამედ აგრობიზნესის წარმატების გარანტი ხდება.
გამართლებული ინვესტირებისთვის და ნაკვეთის სწორი მიზნობრიობით გამოყენებისთვის, საჭიროა გამოცდილი აგროსაკონსულტაციო კომპანიის ჩართვა, რომელიც უზრუნველყოფს ნაკვეთის აგროტექნიკურ შეფასებას და ურჩევს ფერმერს სასოფლო-სამეურნეო მიწის სწორი მიზნობრიობით გამოყენებას.
მიწის შემადგენლობა შეიძლება იყოს ბუნებრივი და შეძენილი. ნიადაგის შემადგენლობაზე გავლენას ახდენს, როგორც გეოგრაფიული მდებარეობა, ასევე კლიმატური პირობები და ანთროპოგენული ფაქტორები. უფრო კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში?! მიკრო და მაკრო ელემენტების შემცველობა და კონცენტრაცია, ნიადაგის სტრუქტურა, Ph და EC პარამეტრების დონე, გრუნტის წყლები და სხვა. მიწის მდებარეობა, იმ ლოკაციაზე გაბატონებული კლიმატური პირობები და ადამიანის ჩარევა ხშირად ცვლის ნიადაგის სტრუქტურას - მაგალითად იწვევს ნიადაგის ეროზიას, რომელიც დაკავშირებულია სამივე ზემოთ ნახსენებ ფაქტორთან. მიწის აგროტექნიკური შეფასების ფაზაში განისაზღვრება ნიადაგის შემადგენლობა და მისი პოტენციალი. თითოეული სასოფლო-სამეურნეო კულტურა ნიადაგში შემავალი მიკრო და მაკრო ელემენტების საკუთარ მოთხოვნილებასთან შესაბამისობაში მოყვანას მოითხოვს. რაც მეტად ახლოსაა სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოთხოვნილებასთან ნიადაგის შემადგენლობა, მით ნაკლებია პოტენციური და ფაქტობრივი დანახარჯი წარმოებაში.
ეს არგუმენტი ამყარებს მოცემულობას, რომ მიწის აგროტექნიკური შეფასება მნიშვნელოვანი ეტაპია სოფლის მეურნეობაში.
დღემდე ქვეყანაში არ არსებობს პრაქტიკა, სადაც მიწის პოტენციალი განსაზღვრავს მის ღირებულებას. არადა, სამართლიანია მყიდველიც და გამყიდველიც სწორად აფასებდეს მიწის რესურსს მისი პოტენციალიდან გამომდინარე.
მიწის შეფასების ევროპული პრაქტიკის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწები იყოფა კლასების მიხედვით და შესაბამისად ხდება მათი განფასებაც. შეფასების სტანდარტი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, თუმცა მიწის შეფასების კულტურა ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს.
ევროკავშირმა შეიმუშავა მიდგომა სასოფლო-სამეურნეო მიწების კლასიფიკაციისთვის. ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში არსებობს სახელმწიფოს დადგენილი წესის მიხედვით მიწების კლასიფიკაციის სისტემა, რაც განსაზღვრავს მიწის ფასსაც. არსებობს მიწის საფარის დეტალური გეოსივრცითი მონაცემების აღწერის პრაქტიკა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით. ასევე, მიწის შეფასებისას განისაზღვრება მართვის ინტენსივობის პარამეტრი, რომელიც გულისხმობს იმ რესურსის (მიკრო და მაკრო ელემენტების, წყლის, Ph-ის რეგულირების) გამოყენების საჭიროებას, რასაც მოითხოვს პირველადი მოსავლის წარმოება - რა რესურსის გაღება იქნება საჭირო კონკრეტულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მოსავლის მისაღებად.
21-ე საუკუნეში სოფლის მეურნეობის წინაშე მდგარი გამოწვევების, იგივე კლიმატის ცვლილების გამო გართულებული სურსათის წარმოება და ინტენსიური წარმოებით გამოწვეული გამოფიტული და ეროზირებული ნიადაგების პრობლემების ფონზე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში დამკვიდრდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების შეფასების კულტურა, რაც ფერმერებს გაუადვილებს წარმოებას, დაუზოგავს დანახარჯებსა და დროს და გაუზრდის პროდუქტიულობას.