მიმდინარეობს საიტის განახლება

პროექტირების მნიშვნელობა სასათბურე წარმოებაში

მარტი 16, 2022
d3f76bf63c6b62624b51b5814f5f5fb5.png
სათბური, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინვესტიციაა. იგი გულისხმობს შესაბამისი კულტურისთვის იდეალური ნიადაგურ-კლიმატური პირობების შექმნას, რომლის საშუალებითაც წლის ნებისმიერ პერიოდში შესაძლებელია სასურველი კულტურის მოყვანა.

სასათბურე წარმოების უპირატესობების მაქსიმიზაციისთვის, აუცილებელია პროექტირების პროცესის კომპლექსურად და კრიტიკულად წარმართვა.

და მაინც რა არის სათბურის პროექტირება?! რა კომპონენტებისგან შედგება იგი?

სათბურის პროექტირება შესაძლებელია დავყოთ სამ მთავარ მიმართულებად, ესენია: საინჟინრო, აგრონომიული და საირიგაციო პროექტირება. იქიდან გამომდინარე, რომ სამივე მიმართულება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, მეტიც - ისინი დამოკიდებულია ერთმანეთზე, აუცილებელია მათი განხორციელება მოხდეს კომპლექსურად და არა დამოუკიდებლად.

პროცესის დაწყებამდე არსებითია განისაზღვროს რამდენიმე მთავარი ფაქტორი, რაზე დაყრდნობითაც მოხდება პროექტირების დაგეგმვა და განხორციელება.
საწყის ეტაპზე აუცილებელია ინვესტორის მიერ განისაზღვროს მის ბიზნეს მოდელთან შესაბამისი კულტურა, რასთან შესაბამისობაშიც შეისწავლება სამიზნე რეგიონი, კლიმატური პირობები, ლანდშაფტი, სასურველი კულტურის მახასიათებლები, სასურველი წყლის დებეტი, შიდა მართვის სისტემა და საუკეთესო მიკროკლიმატი. სწორედ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით იგეგმება პროექტირების სისტემური პროცესი სათბურის არქიტექტურიდან შიდა სივრცის დეტალურ პროექტირების ჩათვლით:

  • კონსტრუქციის ტიპი
  • შესაფუთი მასალა
  • გათბობის და გაგრილების სისტემები
  • ვენტილაციისა და აერაციის სისტემა
  • მწერის საწინააღმდეგო ბადე
  • საირიგაციო გეგმა - მაგისტრალური და ქვემაგისტრალურ მილებისა და წვეთოვანი სარწყავი მილების პროექტირება
  • სუბსტრატი.

საქართველოში ცივ სეზონზე დახურული გრუნტები აუცილებლად საჭიროებს გათბობას. ამ დეტალს ხშირად გულგრილად უდგებიან ჩვენს ქვეყანაში, რის გამოც უწევთ მომგებიანი სეზონის გაცდენა. 
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი გათბობისა და გაგრილების სისტემების ზუსტი საინჟინრო პროექტის შედგენაა, რათა გარემოში არსებული კლიმატის მიუხედავად უზრუნველყოთ კულტურისთვის მისაღები  ტემპერატურის შენარჩუნება. სათბურის კონსტრუქციამ და სისტემებმა უნდა უზრუნველყოს მცენარეების წარმოებისთვის საჭირო კონტროლირებადი გარემოს შექმნა საკმარისი მზის შუქით, ტემპერატურითა და ტენიანობით.  

სათბურისა და მისი შემადგენელი ნაწილების პროექტირების რელევანტურობის თვალსაჩინოებისთვის, პირობითად განვიხილოთ სათბურის გათბობის სისტემები, მათი როლი სასათბურე მეურნეობაში და არასწორი პროექტირების უარყოფითი მხარეები.

პროექტირების ეტაპზე, კულტურის მახასიათებლების, სათბურის ფართობისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით  განისაზღვრება, თუ რა ტიპისა და მონაცემების გათბობის სისტემაა ოპტიმალური. გათბობის სისტემის არაერთი  ვარიანტი არსებობს, რომლებიც განსხვავდება საწვავის ტიპის, სიმძლავრეების, მართვის ტიპისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. სისტემის შერჩევა ყველა შემთხვევაში ხდება ინდივიდუალურად კლიმატის, კულტურის, სათბურის ტიპის და - რაც უმნიშვნელოვანესია -  ფინანსური რესურსის გათვალისწინებით.

გათბობის სისტემის სწორი პროექტირების მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ მცენარეების პროდუქტიულობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე უარყოფითად მოქმედებს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ეს უკანასკნელი კი გამოწვეულია არასწორად დამონტაჟებული ან შეცდომით შერჩეული სისტემით.  

სათბურისთვის იდეალური ტემპერატურა მერყეობს 14-26 გრადუსის ფარგლებში და მნიშვნელოვანია ამ დიაპაზონის კონტროლი, ამიტომ სასათბურე ტიპის მეურნეობასთან ურთიერთობისას პირველი ნაბიჯი არის ტემპერატურის რეგულირების სწავლა. მაგალითად, ძალიან ცივ რეგიონებში რეკომენდირებულია უფრო მძლავრი სისტემის მონტაჟი, რომ გამოიმუშავოს დიდი რაოდენობით სითბო მცენარის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ტემპერატურის უზრუნველსაყოფად. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესისთვის ყველაზე მომგებიან პერიოდში, როცა არასეზონური პროდუქტების დეფიციტია, არასაკმარისი ტემპერატურული რეჟიმის და დღეღამური ტემპერატურის ცვლილების პირობებში ვერ მოხერხდება სასურველი მოსავლის მიღება.

ბიზნესის რენტაბელურიბისთვის, როგორც ზემოთ აღინიშნა, უმნიშვნელოვანესია ბიუჯეტირების საკითხი. გათბობის სისტემა სათბურში ერთ-ერთი მთავარი კაპიტალური დანახარჯია, ხოლო მონტაჟის შემდეგ, ოპერირებისას კი გათბობის საოპერაციო ხარჯი უმთავრესია სათბურის მართვის პროცესში. სწორედ ამიტომ, კრიტიკულია თავიდანვე განისაზღვროს საწვავის ტიპი, რომელსაც აგრობიზნესმენი გამოიყენებს წარმოებისას. ამ მხრივ განასხვავებენ შემდეგ საწვავის ტიპებს:  თხილის ნაჭუჭი, ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი, მერქნული საწვავი და ა.შ. 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათბურის ზუსტი აგრო საინჟინრო პროექტის შედგენა ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია წლის ნებისმიერ დროს სასურველი კულტურის წარმოებისთვის და  წარმატებული აგრობიზნესისთვის. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე არის შესაძლებელი სასათბურე წარმოების ყველა სიკეთის გამოყენება.

ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+