საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება. დარგის განვითარებაზე ექსპორტის მონაცემებიც მოწმობს, ქვეყანამ 2020 წელს 226.9 ტონა ნუშის ექსპორტი განახორციელა და 801.2 ათასი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც 2019 წელს წარმოებაც ნაკლები იყო და 3-ჯერ ნაკლები შემოსავალი მიიღო ნუშის ექსპორტით.
რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს ქვეყანაში 2.5 მლნ დოლარის ღირებულების 563.4 ტონა კანიანი/კანგაცლილი ნუში შემოვიდა. 2020 წელს კი ნუშის იმპორტმა 2.7 მლნ დოლარი შეადგინა (698 ტონა).
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში ასეულობით ჰექტარი ნუშის ბაღი გაშენდა, Რაც განპირობებულია კულტურაზე მაღალი მოთხოვნით - მსოფლიოში ნუშის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. 2020 წლის მონაცემებით ნუშის კომერციული ბაღების ფართობი საქართველოში 4 000 ჰექტარს შეადგენდა.
საქართველოში 3-4 წლის წინ გაშენებული კომერციული ბაღები პირველ მოსავალს იღებენ, ნელ-ნელა კი იგეგმება კუთვნილი ნიშის დაკავება ნუშის საერთაშორისო ბაზარზე.
კავკასიაში საქართველო ლიდერია ნუშის წარმოებაში და წარმოებაც უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე კავკასიის სხვა რეგიონებში. თუ ქვეყანა ბაღების გაშენების ტემპს სტაბილურად შეინარჩუნებს, საპატიო ადგილს დაიკავებს მსოფლიოს მასშტაბით ნუშის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების სიაში.
მსოფლიოში ყველაზე მეტი ნუში 2020 წელს ამერიკამ აწარმოა. 2020 წელის მონაცემებით, აშშ-მ 2 მილიონი ტონა ნუში აწარმოა, რაც ნუშის მთლიანი მოცულობის 56%-ია. აშშ-მ წარმოებით ექვსჯერ გადააჭარბა ნუშის წარმოებით ერთ-ერთ უმსხვილეს ქვეყანას - ესპანეთს (358 ათასი ტონა). რეიტინგში მესამე ადგილი უჭირავს ირანს 179 ათასი ტონა.
მსოფლიოში ნუშის ყველაზე მაღალი საჰექტრო მოსავლიანობით ისრაელი გამოირჩევა. მაგალითისთვის 2019 წელს ისრაელში ნუშის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა 227,492 კგ/ჰა იყო.
2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით ნუშის იმპორტის საშუალო ფასმა შეადგინა 6701 აშშ დოლარი ტონაზე, რაც 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.
საქართველოში ნუშის ბაღების დიდი ნაწილი დანერგე მომავლის ფარგლებშია გაშენებული კახეთში, მცხეთა მთიანეთსა და ქართლის რეგიონებში. Იქიდან გამომდინარემ, რომ კულტურების მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია გაშენებების შესაძლებლობები, ნუშისთვის შესაფერისია აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები და დაფინანსების პროგრამაც სწორედ ამ ზონაში მოქმედებს.
ქვეყანაში დიდია დაინტერესება უცხოელი ინვესტორების მხრიდანაც, რომლებიც აქტიურად იძიებენ ჩვენს ქვეყანაში მიწებს ნუშის ბაღების გასაშენებლად, რადგან საქართველოში იდეალური პირობებია წარმოებისთვის. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო, თუ საოპერაციო ხარჯიც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკისა თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ერთი რამ ნათელია - თუკი საქართველოში აქტიურად გაგრძელდება ნუშის კულტურის გაშენებისა და წარმოების ტემპი, ქვეყანას დიდი შანსი და შესაძლებლობა აქვს, გახდეს ნუშის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. ქართულ ნუშს, ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა, ამ ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად აუცილებელი წინაპირობაა სტაბილური წარმოება, სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატების მოპოვება და ბუნებრივია, სწორი სარეალიზაციო არხების მოძიება და ეფექტური მარკეტინგული აქტივობების განხორციელება.