საქართველოში ბოლო წლებში საძოვრებთან დაკავშირებული გამოწვევები სულ უფრო აქტუალური ხდება. გადაჭარბებულმა ძოვებამ ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიწვია ჰაბიტატის დეგრადაცია: ბალახოვანი საფარის საგრძნობი შემცირება, ნიადაგის დამლაშება, ე.წ „ცუდი მიწების“ მომრავლება და ჭალის ტყეების შემცირება. ჭარბი ძოვება ასევე უარყოფითად მოქმედებს ბიომრავალფეროვნებაზე.
2019 წლამდე, საქართველოს კანონმდებლობა არ განმარტავდა რას ნიშნავდა საძოვარი და სათიბი მიწები. საქართველოს კანონის „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, კანონმდებლობაში პირველად გაჩნდა ჩანაწერი სასოფლო-სამეურნეო მიწის თითოეულ კატეგორიაზე, მათ შორის სათიბსა და საძოვარზე.
საქართველოში საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი ხშირად გასხვისებულ საძოვრებს უკავშირდება და ეს პრობლემა არაერთ რეგიონში დგას. სულ უფრო მეტი სოფელი რჩება საძოვრების გარეშე. აღნიშნულ პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ მიწებს საძოვრის სტატუსი არ აქვთ.
საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების ფართობი დაახლოებით 1,8 მლნ ჰა-ს შეადგენს, მათ შორის, დაახლოებით, 500 ათასი ჰექტარი ეროზიულია. ხოლო საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 11 986 ერთეული საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთი.
ახალი პროგრამის - „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობა“-ს ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრის კატეგორიის 3 219 ერთეული მიწის ნაკვეთზე (რომლის საერთო ფართი - 89 905 ჰექტარია) ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საძოვრების მოვლა-სარგებლობის სისტემის დანერგვა. თავის მხრივ, ეს საძოვრების რაციონალური გამოყენების, ხარისხობრივი გაუმჯობესების, მეცხოველეობის განვითარების და ადგილობრივი პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბარის საძოვრებზე უფრო ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე მთის საძოვრებზე. ბარის საძოვრებზე იმაზე მეტი საქონელი ძოვს ვიდრე ტერიტორიას აქვს გამოკვების პოტენციალი. ამ მიმართულებით არ არსებობს სარწყავი სისტემების გამოყენების კულტურა, ბუნებრივი კლიმატური პირობები და ნალექების მოსვლის სიხშირე და რაოდენობა კი არაა საკმარისი მოთხოვნის შესაბამისი ბალახის საფარის გასაზრდელად. შედარებით დამაიმედებელი სურათია მთის საძოვრებზე, რადგან იქ „მოთხოვნა-მიწოდების“ ბალანსია. არის ადგილები, სადაც საძოვრების გატყევების ნიშნებიცაა ( მაგ: რაჭა)
გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოში ზამთრის საძოვრები თითქმის სამჯერ ნაკლებია ვიდრე ზაფხულის, თან შედარებით დაბალმოსავლიანია და უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოიყენება.
საქართველოს მსგავსად, მსოფლიოშიც არსებობს საძოვრებთან დაკავშირებით პრობლემები, რომლებიც ძირითადად ხშირ ძოვებასთანაა დაკავშირებული. ჭარბმა ძოვებამ, არა მხოლოდ შეამცირა საძოვრების პროდუქტიულობა, არამედ გამოიწვია ნიადაგის ნაყოფიერების დაკარგვა. გარდა აღნიშნულისა, საძოვრების დეგრადაციის გამომწვევ მიზეზებად მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, შესაბამისად ინტენსიური წარმოების გახშირება და მიწათმოქმედების დაუდევარი პრაქტიკა ითვლება.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის ამ სექტორისთვის, უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი და პროდუქტიული საძოვრების არსებობა, პირუტყვის სრულფასოვანი გამოკვების, პროდუქციის მაქსიმიზაციისა და მოთხოვნის შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია საძოვრების მოვლისა და აღდგენითი ღონისძიებების გატარება. ზაფხულში, გვალვიან სეზონზე, მეცხოველეობის დარგისთვის წლის ყველაზე კრიტიკულ სეზონზე, როცა პირუტყვის საკვების შეძენა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს მოწესრიგებული საძოვრების არსებობა და ხელმისაწვდომობა. დაბალი კვებითი ღირებულების საკვებისა და გადამხმარი საძოვრების გამო პირუტყვის გამოსავლიანობა მნიშვნელოვნად იკლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სექტორისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საძოვრების ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარებას, რაც თავის მხრივ გააძლიერებს რძის პროდუქტების ხარისხს და წარმოების ოდენობას.