გასული სამი წლის მონაცემებით, საქართველოში რძის წარმოების მზარდი დინამიკა შეიმჩნევა. 2021 წლის პირველი ორი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, გასული სამი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანამ 6%-ით მეტი რძე აწარმოა. მიუხედავად ამისა, საშუალო წლიური წველადობის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოში რძის ინდუსტრიაში წარმატებულ ქვეყნებს.
ქვეყანაში რძე და რძის პროდუქტები აქტიური მოხმარების ნედლეულია. საქსტატის 2018 წლის მონაცემების მიხედვით, ნედლი რძისა და რძის პროდუქტების ჯამური წლიური მოხმარება 663 ათას ტონას უტოლდება, ხოლო საშუალო მოხმარება 1 ადამიანზე - 178 კგ.-ს.
2019 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით რძის საშუალო წლიური წარმოებით (ერთ სულზე) პირველ ადგილს იკავებს ისრაელი 12 205 ლიტრი რძე მეორე ადგილზეა აშშ 10 800 ლიტრი, მესამეზე დანია 9 800 ლიტრი. საქართველოში კი იგივე საანგარიშო პერიოდში რძის საშუალო წლიური წველადობა (ერთ სულზე) 1 543 ლიტრს შეადგენს.
ქვეყანაში 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 2%-ითაა გაზრდილი ფურისა და ფურკამეჩის საშუალო წველადობა. დინამიკა სტაბილურად მზარდია 2012 წლიდან და საერთო ჯამში 2020 წლამდე საშუალო წველადობა 25%-ითაა მომატებული, თუმცა ეს ტემპი საკმარისი არაა სხვა ქვეყნების წარმადობის ფონზე.
როგორც სტატისტიკიდან სჩანს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისრაელში ფიქსირდება, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმჯობესებითა და სელექციითაა განპირობებული. ახალი ჯიშების გამოყვანით ისრაელმა წველადობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. საქართველოში კი სელექციური ჯიშები მხოლოდ ინტენსიურ ფერმერებში გამოიყენება (ძირითადად ჰოლშტეინის ჯიში), თუმცა ინტენსიური მეურნეობების სიმცირიდან გამომდინარე, უცხოური ჯიშები საკმაოდ მცირე რაოდენობითაა ქვეყანაში.
საქართველოში ნედლი რძის წარმოება ძირითადად ხდება შინამეურნეობებში. ქვეყანაში ფურების დაახლოებით 85% კავკასიური წაბლაა, 10% ქართული მთის ჯიში, 4.8% მეგრული წითელი, ხოლო 0.2% სხვა დანარჩენი მერძეული ჯიშის ძროხები. ამ ჯიშებს გენეტიკურად არ აქვთ განვითარებული მაღალი წარმადობა, რაც შესაბამისად აისახება წარმოების მაჩვენებელზე. გარდა ამისა, შინამეურნეობებსა და ექსტენსიურ ფერმებში ნაკლებად არის დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები, იშვიათია ასევე კვალიფიციური კადრები და სათანადო საკვები ცხოველებისთვის, რაც თავისთავად კავშირშია დაბალ პროდუქტიულობასთან.
როგორც აღვნიშნეთ სელექციურ ჯიშებს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად იყენებენ, დიდი მოცულობით რძის წარმოება შეუძლიათ, თუმცა ქართული ენდემური ჯიშების წარმოებულ რძეს განსაკუთრებული კვებითი ღირებულება და გემოვნური თვისებები აქვს (ცხიმიანობა, სიბლანტე). მიუხედავად ამ თვისებებისა, ბაზრის დასაკმაყოფილებლად და რელევანრური წარმოებისთვის მნიშვნელოვანია სელექციური ჯიშების გამოყენება და მათი რესურსის მაქსიმალურად ათვისება.