მიმდინარეობს საიტის განახლება

ლურჯი მოცვის შესაძლებლობები საქართველოში

იანვარი 24, 2022
fe03d9a429685bb6654fb99c2ec26ff9.png

ლურჯი მოცვის კულტურა უფროდაუფრო პოპულარული ხდება საქართველოში. 2020  წელს მოცვის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 288.7%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოში ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება ყოველ წელს უფრო აქტუალური ხდება, იზრდება მოცვის ნარგავებით გაშენებული ნაკვეთების მოცულობა და მასთან ერთად მოცვის მოსავალიც. 


რამდენიმე წლის წინ შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ არსებობდა მოცვის პლანტაციები. მისი გაშენება დონორი ორგანიზაციების მიერ ფერმერებისთვის მოცვის ნერგების გადაცემით დაიწყო, შემდეგ კი სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით ხორციელდებოდა. დღეს კი, ლურჯი მოცვი საქართველოს აგრო ინდუსტრიაში ერთ-ერთ სტრატეგიულ კულტურას წარმოადგენს.


მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მჟავე ნიადაგები და ბუნებრივი პირობები ყველაზე კარგად დასავლეთში უქმნის ფერმერებს მასშტაბური და რელევანტური წარმოების შესაძლებლობებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცვის კულტურას მრავალფეროვანი ასორტიმენტი გააჩნია სარეალიზაციო თვალსაზრისით, მისი გასაყიდი ფორმა შეიძლება იყოს:  ნედლი, გაყინული, გამომშრალი (ჩირი) და ასევე ცალკე პროდუქტია მოცვის ფოთოლი.

მოცვი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კულტურაა ჩვენი ქვეყნისთვის, გარდა იმისა რომ საერთაშორისო სასურსათო ბაზარზე მოთხოვნა და ღირებულება მაღალია, საქართველოში მოსავლის აღება რამდენიმე კვირით უსწრებს წინ ევროკავშირის ქვეყნებში მოცვის დამწიფებას. ქართული მოცვის უპირატესობა ევროპულთან შედარებით არის მისი ადრეული მოსავლიანობა -  მაისი-ივლისის თვეებში ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ ევროპელ მომხმარებლებს შესთავაზონ პროდუქტი. ამ პერიოდში ევროპის ქვეყნებში კრეფის სეზონი არ არის დასრულებული და შესაბამისად იმპორტირებულ პროდუქციას პრემიალური ფასი აქვს.


ადგილობრივი წარმოების ლურჯი მოცვის მაღალ მოთხოვნაზე მეტყველებს ექსპორტის მონაცემებიც -  2020 წელს საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთი (3.5 მლნ დოლარი), სომხეთი (78.2 ათასი დოლარი), არაბეთის გაერთიანებული საამიროები (57.5 ათასი დოლარი), პოლონეთი (54,0 ათასი დოლარი), უკრაინა (23.1 ათასი დოლარი) და ყატარი (16.8 ათასი დოლარი). ეს მონაცემები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს პროდუქტი ევროკავშირში დეფიციტურია, ამასთან იგი მაღალი საბაზრო ფასით გამოირჩევა. მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე გაუყინავი 1კგ. ლურჯი მოცვის ღირებულება საშუალოდ 15 ევროა.


მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ ევროპელ მყიდველს სჭირდება პროდუქციის დიდი მოცულობები, შესაბამისად სარეალიზაციო ბაზრებზე ოპერირებისთვის მსხვილი პლანტაციების მასშტაბური გაშენებაა საჭირო. მასშტაბებთან ერთად, საერთაშორისო სასურსათო ბაზრების მოთხოვნის დაკმაყოფილება აუცილებელია ხარისხიანი პროდუქციის წარმოებითაც. მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად გრძნობდე, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სასურსათო ბაზრების ,,პულსს”. მოცვის კულტურას დიდი პერსპექტივა აქვს მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ მიმართულების ხელშეწყობა. 


ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+