მიმდინარეობს საიტის განახლება

ხარისხიანი ნერგების მნიშვნელობა, ფალსიფიკაცია და დაავადებული ნერგების პრობლემა

ნოემბერი 4, 2021
f5320d976f8d69b2e684fe91ea764d1d.png

საქართველოში, ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის სექტორი მნიშვნელოვნად  განვითარდა. იზრდება სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირთა რაოდენობაც, რასაც დიდწილად ხელი შეუწყო სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებმა. აგრო მიმართულების განვითარებასთან ერთად გაჩნდა და გაიზარდა მოთხოვნა სერტიფიცირებულ სარგავ მასალაზე. საქართველოს ბაზარზე კი რთულია ხარისხიანი სარგავი მასალის შეძენა, რაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს  დარგს.


მებაღეობის, მევენახეობის და მეხილეობის დარგები ძირითადად დამოკიდებულია სანერგე სექტორის მიერ მიწოდებულ ნერგებზე, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აგრარულ წარმოებაში. დღესდღეობით სოფლის მეურნეობის ეს მიმართულებები ნერგებთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს აწყდება ბაზარზე, როგორებიცაა ჯიშობრივი სიწმინდე, არასათანადო შეფუთვა და მავნებლებ-დაავადებებით დაბინძურება.


ხარისხიანი ნერგების გამოყვანა და მისი გამოყენება წარმოებაში ნიშნავს, მოსავლიანობის გაზრდას. ხარისხიანი ნერგიდან მიღებული  მოსავალი, როგორც წესი  რამდენიმე უხარისხო ნერგის მოსავალზე მეტია. გარდა ამისა მათი გახარების და სხვადასხვა სტრესული გარემო ფაქტორებისადმი მდგრადობის უნარი მაღალია.


სარგავი მასალის ხარისხის ხსენებისას, საყურადღებოა დაავადებებისა და მავნებლების ფაქტორი. მყიდველს უნდა შეეძლოს ინფორმაციის მიღება ნერგების  ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესახებ. თუმცა როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ბაზარზე ამ მხრივ უკონტროლო მდგომარეობაა. დაავადებული ნერგები მავნებელ-დაავადებების გადამტანი  და გამავრცელებელია  სხვა ნერგებზე.


ნერგის ხარისხს ორი ძირითადი პარამეტრი განსაზღვრავს - მისი გენეტიკური მონაცემები, ჯიშისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები (აქ უნდა ვიგულისხმოთ თესლის წარმომავლობაც) და ნერგის ფიზიკური მდგომარეობა. საქართველოში კი ხშირად ნერგების წარმოებაში ყურადღებას არ აქცევენ ნერგის გენეტიკურ და ფიზიკურ ხარისხს, რის გამოც დაზარალებული რჩება მწარმოებელი. ბევრია ისეთი  შემთხვევაც, როცა  ფერმერი არაა დაცული ფალსიფიკაციისგან.


სერტიფიცირებული სარგავი მასალა არის ნერგის ხარისხობრივი მაჩვენებლების, პროდუქტიულობისა და სოცოცხლისუნარიანობის გარანტი. რადგან შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია განისაზღვროს ნერგის გენეტიკური მონაცემები, განსხვავებით ფიზიკურისა. საქართველოს ბაზარზე  ხდება შემთხვევები, როცა სასურველი ჯიშის ნაცვლად, შესაძლოა სხვა ჯიშის ნერგი მოგვყიდონ ან შეძენილი სარგავი მასალა უხარისხო აღმოჩნდეს, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს ფინანსურ სარგებლიანობას.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2017 წლიდან სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტს ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში შეიქმნა ეროვნული კატალოგი, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს. ასევე აღსანიშნავია, საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.


ქვეყანაში სარგავი მასალის სექტორის განვითარება და ხარისხის კონტროლის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებლებს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის საფუძველია.

ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+