საქართველოში 2015 წლიდან მნიშვნელოვნად მცირდება კარტოფილის ნათესი ფართობების მოცულობა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მეკარტოფილეობის სექტორის ეფექტურობის დონე ძალიან დაბალია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებადი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.
2015 წელს ქვეყანაში კარტოფილი 22.4 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული, 2020 წელს კი მისი რაოდენობა 15.9 ათას ჰექტარს შეადგენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში კარტოფილის წარმოება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, იგი ერთ-ერთ მთავარ პროდუქტს წარმოადგენს მოსახლეობის კვების რაციონში. საშუალოდ ქვეყანაში კარტოფილის წლიური მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 55 კილოგრამია.
2020 წლის მონაცემებით, საქართველოში, ერთწლოვან კულტურებში წარმოების მხრივ, კარტოფილს მეორე ადგილი უჭირავს - 208.6 ათასი ტონა, ხოლო მისი საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა 13.1 ტონას შეადგენს, აღნიშნული დაახლოებით 2.6-ჯერ ნაკლებია ევროპის ქვეყნებში კარტოფილის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობაზე (34.5 ტონა/ჰა).
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, კარტოფილის წლიური მოსავლიანობის 18%-იანი, ხოლო საშუალო საჰექტრო მოსავლიანობის 5.6%-იანი კლება დაფიქსირდა, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში საჰექტრო მოსავლიანობა 14%-ით გაიზარდა 2018 წელთან შედარებით.
ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, სტაბილურად მზარდია კარტოფილის ფასი. 2020 წელს 2016 წელთან შედარებით 35%-ითაა გაზრდილი ერთი კილოგრამი კარტოფილის საშუალო წლიური ღირებულება, რაც ლარის გაუფასურებით და ნათესი ფართობების შემცირებით აიხსნება.
ჩვენს ქვეყანაში მეკარტოფილეობის დარგის განვითარების დაბალი მაჩვენებელი, განპირობებულია რიგი ფაქტორებით: დაბალი ხარისხის სათესლე მასალის გამოყენება, თანამედროვე ტექნიკის გამოყენების დაბალი პრაქტიკა, საირიგაციო სისტემების არარსებობა, სასოფლო - სამეურნეო მიწების სიმძიმე.
როგორც ვეგეტატიურად გამრავლებადი კულტურა, სათესლე კარტოფილი ახდენს მავნებლების, პათოგენების და განსაკუთრებით ვირუსების აკუმულირებას უწყვეტი კულტივირების სეზონზე, რაც თავის მხრივ იწვევს მოსავლიანობის შემცირებას და პროდუქტის ხარისხის გაუარესებას. ევროპასა და აშშ-ში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიმუშავეს თესლის სერტიფიცირების სისტემები. რაც ძალიან წარმატებით მუშაობს დღემდე და უზრუნველყოფს ფერმერებს მაღალხარისხიანი თესლით.
დღესდღეობით, საქართველოში კარტოფილის თესლის 70% არის წარმოებული მცირე ფერმერების მიერ თავიანთ მეურნეობებში. ისინი ნაკლებად არიან გათვითცნობიერებულები თესლის ხარისხის შენარჩუნების პრაქტიკაში, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს მის ხარისხს. მაგალითად, არ ხდება სათესლე მასალის დასაწყობება პირობების დაცვით, რის გამოც თესლის უმეტესობა განიცდის დეგენერაციას.
იმპორტირებულ თესლზე ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია მისი მაღალი ღირებულების გამო. გარდა ამისა იმპორტირებული თესლის ხარისხიც არ არის გარანტირებული. მნიშვნელოვნად უარესდება კარტოფილის სათესლე მასალის ხარისხი ცუდი ტრანსპორტირების პირობებში. პრობლემაა ასევე ევროპიდან იმპორტირებული მასალა, რომელიც რეზისტენტული არაა ადგილობრივ კლიმატთან და მავნებელ-დაავადებებთან. სწორედ, ესაა მიზეზები, რატომაც ქვეყანაში დაბალია საშუალო მოსავლიანობა და კარტოფილის წარმოების დაბალი მაჩვენებელია.
მეორეს მხრივ, საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ, როგორც სასურსათო მოხმარების, ასევე სათესლე კარტოფილი. ქვეყანას აქვს რესურსი მოიყვანოს მსოფლიო ბაზარზე არსებულ სტანდარტებთან შესაბამისი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რისი ფუნქციაც შესაძლოა მიენიჭოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოში მეკარტოფილეობის სექტორში მთავარი გამოწვევა ხარისხიანი სათესლე მასალის ადგილობრივი წარმოება და მოსავლიანობის მნიშვნელოვანი ზრდაა, რასაც სჭირდება მასშტაბური ცნობიერების ამაღლება და თანამედროვე მიდგომების დანერგვა წარმოების პროცესში.