მიმდინარეობს საიტის განახლება

ხორბლის წარმოების სტატისტიკა და გამოწვევები საქართველოში

ოქტომბერი 25, 2021
9e17bfa1857dfd90671195c3f675c97a.png

საქართველოში ხორბლის ფასი იზრდება. 2020 წელს ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის ოდენობა თითქმის 5-ჯერ აღემატებოდა ადგილობრივ წარმოებას. იმავე წელს მოსახლეობის მხოლოდ 17.26% დააკმაყოფილა ადგილობრივმა წარმოებამ, ხოლო დანარჩენი 82.74% იმპორტულ ნედლეულზე მოდიოდა. თავისთავად ეს მოცემულობა ართულებს ხორბლის პროდუქტებზე სტაბილური ფასის შენარჩუნებას და ქვეყანა ყოველთვის იმპორტიორი ქვეყნების ,,სარეალიზაციო რიტმზეა” დამოკიდებული.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია, ხორბლის წარმოების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, ქვეყანა მაინც ვერ ახერხებს საკუთარი წარმოებით ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ქვეყანაში ხორბლის მოსავალი 1.78%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ხოლო ხორბლის ნათესი ფართობების რაოდენობა 2020 წელს 9%-ით გაიზარდა წინა 2 წელთან შედარებით.


ბოლო ოთხი წლის მონაცემებით, საშემოდგომო ხორბლის ყველაზე მაღალი საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა 2018 წელს ფიქსირდება - 2.5 ტ/ჰა.  მზარდია დინამიკა საგაზაფხულო ხორბალზე, სადაც 2017 წლიდან 2020 წლამდე ხორბლის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა 39%-ითაა გაზრდილი. აღნიშნული მაჩვენებლები გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ხორბლის მოსავლიანობის ზრდა მეტწილად განაპირობა 2018 წლიდან ამოქმედებულმა კანონპროექტმა ხორბლის სათესლე მასალის სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ და შესაბამისად ამ ინდუსტრიაში ხარისხიანი სათესლე მასალის გამოყენებამ.


საქართველო ხორბლის სახეობათა წარმოქმნის კერად ითვლება, შესაბამისად ჩვენს ქვეყანას ხორბლის წარმოების მრავალწლიანი ისტორია გააჩნია. მიუხედავად ამისა, საქართველო ვერ აკმაყოფილებს ხორბალზე ადგილობრივ მოთხოვნილებას და ბაზარი იმპორტზეა დამოკიდებული.


ბოლო წლების სტატისტიკის მიხედით, ხორბალზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი საქართველოში საშუალოდ 8%-დან 18%-მდე მერყეობს, მაშინ როცა სასურსათო მოთხოვნა გაცილებით მეტია. ქვეყანაში სასურსათო ხორბალზე წლიური მოთხოვნილება საშუალოდ 650-700 ათასი ტონაა, ხოლო ბოლო რამდენიმე წლის წარმოების ნიშნული  100 ათასი ტონის ირგვლივ მერყეობს.


იმ მიზეზით, რომ ბაზარზე არსებული ხორბალი ძირითადად იმპორტირებულია, სარეალიზაციო ფასებს  განსაზღვრავს იმპორტიორ ქვეყნებში არსებული ხორბლის ფასები. საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი რუსეთია, ამრიგად, მხედველობაში უნდა მივიღოთ რუსეთის ხორბლის მოსავალი, ისევე, როგორც მისი სავაჭრო ზომები და რეგულაციები.


დღეისთვის რუსეთიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი 1 ტონაზე 69.9 დოლარს შეადგენს. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაძლოა მარცვლეულის ექსპორტისას დადგენილი მცურავი ბაჟის ფორმულას გადახედოს და გაზარდოს, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს ქვეყენაში იმპორტირებული ხორბლის ღირებულებაზე. სწორედ მსგავსი ცვლილებები განაპირობებს საქართველოში ხორბალსა და ხორბლის პროდუქტებზე ფასების უკონტროლო ზრდას.


2014-2020 წლებში ერთ კილოგრამ ხორბალზე ყველაზე მაღალი ფასი - 0.67 ლარი 2020 წელს ფიქსირდება. საგანგაშოა ფასების ზრდის დინამიკა. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით თითქმის 29%-ით, 2018 წელთან 46%-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 52%-ითაა გაზრდილი ერთი კილოგრამი ხორბლის ფასი.


გამომდინარე იქედან, რომ საქართველო დამოკიდებულია იმპორტირებულ ხორბალზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის და წარმოების კიდევ უფრო გაზრდა და იმპორტირებული ხორბლის საკუთარი წარმოებით ჩანაცვლება.  ამ მხრივ ქვეყანაში დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა, ხორბლის ნათესი ფართობების გაზრდის გათვალისწინებით. 


სავალდებულო სერტიფიცირების კანონპროექტი, რომელსაც ექვემდებარება ხორბლის კულტურა, დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ხარისხიანი სათესლე მასალის მასშტაბური გამოყენება და ბაზარზე ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტების მკაცრი კონტროლი, მომავალში დადებითად აისახება ხორბლის წარმოების პროცესზე.


ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+