ნათელია, რომ XXI საუკუნეში სოფლის მეურნეობის ინდუსტრია წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. მათი უგულვებელყოფა წარმოებაში ნიშნავს, გლობალურ სასურსათო ბაზარზე სურსათზე გაზრდილი მოთხოვნილების უგულვებელყოფასაც. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ გაზრდილი მოთხოვნილების გამო არაა მნიშვნელოვანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება აქტუალური, არამედ გარემოს დაცვითი მიზნებითაც, ნიადაგის დეგრადაცია, წყლის დაბინძურება და ა.შ
რამდენიმე წლის წინ ,,ჭკვიან მოწყობილობებს” მხოლოდ მსხვილ საპილოტე ფერმებში თუ შევხვდებოდით. დღეს კი ყველა მასშტაბის ფერმას სჭირდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ბოლო პერიოდში მათი გამოყენების აუცილებლობა გაამძაფრა კლიმატის ცვლილებამ, გარემოს დაბინძურებამ და ნიადაგის დეგრადაციამ.
როგორც ბევრი სხვა ინდუსტრია, თანამედროვე სოფლის მეურნეობის კონცეფციაც მონაცემთა შეგროვებას, მათ დამუშავებას და მათზე დაყრდნობით მაღალეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას ეყრდნობა. ესაა ზუსტი სოფლის მეურნეობის მთავარი პრინციპი. ეს მიდგომა მაქსიმალურ ეფექტურობას გულისხმობს, ზუსტ მონაცემებზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს და ინტერვენციებს სოფლის მეურნეობაში. მაგალითისთვის, ყველა კულტურას წარმოებამდე სჭირდება მისთვის ოპტიმალური საარსებო გარემოს შერჩევა: ნიადაგის შემადგენლობა, ნაყოფიერების ხარისხი, გრუნტის წყლების არსებობა, კლიმატური მახასიათებლები და ა.შ.
თანამედროვე სენსორული მოწყობლობები ლაივ რეჟიმში აწვდის ფერმერებს მათთვის საჭირო მონაცემებს, რის გადასამოწმებლადაც ხშირად ლაბორატორიებისთვის უნდა მიემართათ, რაც დროში გაწელილი პროცესია. საბოლოოდ ფერმერს ეზოგება დრო და რესურსები, რაც მწარმოებელ სუბიექტს აძლევს საშუალებას გონივრულად დაგეგმოს წარმოების ციკლი და დისტანციურად მართოს ბაღში მიმდინარე პროცესები.
აქვე, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ის სარგებელი, რაც სოფლის მეურნეობის ინდუსტრიას ამ მოწყობილობებმა მოუტანა:
- ისტორიული მონაცემების დაგროვების შესაძლებლობა;
- მორწყვის ოპტიმიზაცია;
- დაავადებების პროგნოზირება;
- მავნებლების მონიტორინგი.
სენსორული მოწყობილობების გამოყენების პირველი ნაწილი მონაცემთა შეგროვებაა, ხოლო მეორე ეტაპი ამ ინფორმაციის ანალიტიკას და აგრონომიული რეკომენდაციების გაწევას მოიცავს.
XXI საუკუნის მიღწევებს შორის, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში აღსანიშნავია ჭკვიანი დრონები, რისი საშუალებითაც მარტივად ისაზღვრება ნაკვეთზე დასარგავი ნერგისა თუ თესლის რაოდენობა, სასუქების შეტანის საჭიროება, მორწყვის ინტენსივობა და სხვა. დისტანციური ფოტო მაფიქსირებელი მექანიზმები, საშუალებას იძლევა შეფასდეს მოსავლის ხარისხი, ჩატარდეს ფიტოსანიტარული კონტროლი მარტივად, დიდი ფართობის მქონე ნაკვეთებზე. ის მოწყობილობები, რომლებიც სიზუსტით განსაზღვრავენ მოსალოდნელ ამინდს, შეუცვლელი საშუალებებია აგროტექნიკური ღონისძიებების სწორად დაგეგმვისთვის. ყველა მცენარის პროდუქტიულობა დაკავშირებულია ამინდთან, მისი წინასწარ განსაზღვრა კი საგრძნობლად ამცირებს რისკებს.
მექანიზაციის განვითარებამ IT ტექნოლოგიებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეამსუბუქა წარმოებაში ფიზიკური ძალის ჩართულობა. მაგალითად, როცა ბაღში ფიტოსანიტარულ კონტროლს აგრონომი ახორციელებს, მას უწევს ყველა მცენარის გარეგანი ნიშნების დათვალიერება, ნიმუშების შეგროვება, რასაც დიდი დრო და ენერგია სჭირდება. ეს საქმე შეამსუბუქა სხვადასხვა სენსორებმა და კონტროლის სისტემებმა, რომელთა ალგორითმები უმოკლეს დროში აფიქსირებენ მცენარის მავნებელ-დაავადებებს და მათ რისკებს. თვითმრგველი მანქანები, რომლებიც თანაბარი დისტანციით რგავენ და თესავენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ადამიანური რესურსის ალტერნატივად გვესახება.
ეს არის ტექნოლოგიები, რასაც აგრო სფეროში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უკვე წარმატებით იყენებენ. მართავენ რისკებს, აკონტროლებენ მოსავლის ხარისხს, რაოდენობას და აწარმოებენ სასურველი კონდიციის პროდუქციას. საქართველოში კი მასშტაბურად ისევ ტრადიციული მეთოდების ერთგულები ვრჩებით. თანამედროვე ტექნოლოგიებს მხოლოდ ახალ გაშენებულ პლანტაციებში თუ შევხვდებით. არსებობს პრობლემის მეორე მხარეც, როცა საქმე გვაქვს ცოდნის ნაკლებობასთან. შესაძლოა ფერმერს ჰქონდეს ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი ბაღი, თუმცა არ იცოდეს ან უჭირდეთ მონაცემების აღება, მათი ანალიზი და ტექნიკასთან ურთიერთობა.
ტექნოლოგიების დანერგვა მომავლის სოფლის მეურნეობის ერთადერთი უალტერნატივო გზაა.