მიმდინარეობს საიტის განახლება

Georgian Vegetable Production Statistics

May 5, 2022
3a9b293151f388d8dbcfeab967edb1dd.jpeg

საქართველოში ბოსტნეული კულტურების წარმოებამ, 2021 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 149 ათასი ტონა შეადგინა, რაც 15%-ით ნაკლებია 2020 წელს წარმოებულ ბოსტნეულთან შედარებით. საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 9%-ითაა შემცირებული ბოსტნეულის ნათესი ფართობების მოცულობა, მათ შორის 7%-ით იკლო საშუალო საჰექტრო მოსავლიანობამაც.

 

სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ბოსტნეული კულტურების წარმოება დაბალია, ისევე, როგორც საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით, ბოლო წლებია დადებითი დინამიკა შეიმჩნეა. მაგ: ისრაელში პომიდვრის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა 300 ტონაა ჰექტარზე, საქართველოში კი დაახლოებით 62.6 ტ/ჰა-ზე.

 

საინტერესოა რა ხდება ამ დროს მსოფლიო ბაზარზე და ვინ არიან მთავარი მოთამაშეები ბოსტნეულის წარმოებაში. მსოფლიო ბაზარზე, FAO-ს მონაცემებით, ბოსტნეული კულტურების ყველაზე დიდი მწარმოებელი ჩინეთია (554 მილიონი ტონა), რომელსაც მოსდევს ინდოეთი (127 მილიონი ტონა). შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს 30.8 მილიონი ტონა ბოსტნეული მოიყვანა.


ევროკავშირის ქვეყნებიდან ბოსტნეულის წარმოებით 2021 წლის მონაცემებით, ესპანეთი ლიდერობს, რომელმაც გასულ წელს  16.39 მილიონი ტონა ბოსტნეული აწარმოა.


ჩვენს ქვეყანაში ბოსტნეული კულტურებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით პომიდორი  იწარმოება, მეორე ადგილზეა კიტრი. ამ უკანასკნელის წარმოება 2017-2021 წლებში 32%-ით გაიზარდა. საგულისხმოა, რომ 2017-დან 2020 წლამდე პერიოდში ბოსტნეულის წარმოების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ 40%-ითაა მომატებული.


როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, ქვეყანაში ბოსტნეულის არასტაბილური წარმოებაა და ჯერჯერობით ისევ იმპორტირებულ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ  2021 წელს ბოსტნეულის იმპორტმა 105 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო იგივე საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული ბოსტნეულის მოცულობა 63 ათასი ტონა იყო.

ტრადიციულად გვებადება შეკითხვა, რატომ არ ვართ თვითკმარი ბოსტნეულის წარმოებაში?! ამ შეკითხვას მარტივი პასუხი აქვს - ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა და მცირე მასშტაბის წარმოება დარგში. თავის მხრივ, ეს პასუხი კომპლექსურია და რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს მოიცავს.

სოფლის მეურნეობაში წარმატებული პრაქტიკის მქონე ქვეყნებზე დაკვირვებამ და ანალიზმა ნათლად გვაჩვენა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებას ალტერნატივა არ აქვს აგრარულ ინდუსტრიაში და რომ ტექნოლოგიებში ჩადებული ინვესტიცია აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს. მაღალი მოსავლიანობა მიიღწევა სწორი მენეჯმენტით წარმოებაში, რასაც შესაბამისი განათლება სჭირდება.


ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შიდა წარმოება ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივ ბაზარს, მცირე მასშტაბის წარმოებებია. მცირე მოცულობის მოსავლით ქართველი ფერმერი წარმოების მაღალი თვითღირებულების გამო კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულ პროდუქტს.


ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ბოსტნეულის საშუალო წლიური მოხმარების კოეფიციენტი, არც თუ ისე ცოტა: 120-180 კგ-ია და  გასააზრებელია ის რისკები, რაც სხვადასხვა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, პროდუქციის იმპორტის შეზღუდვას ახლავს.


ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, საკუთვრივ პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა და ამ ფონზე საკვების მობილობის შეფერხებამ, კიდევ ერთხელ გვაჩვენა ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა და გარდაუვალი აუცილებლობა! ეს უკანასკნელი კი მიიღწევა წარმოებაში  თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების დანერგვით. აქედან გამომდინარე, ქართული აგრარული ინდუსტრიის განვითარებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების და ცოდნის იმპორტი და სწორი მენეჯმენტი, რაშიც იგულისხმება წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, დადებითი შედეგის მიღწევა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული წარმოებაში  კულტურების ხარისხიანი თესლის გამოყენებაზე, რაც მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესების ერთ-ერთი გარანტია.


იმის გამო, რომ საქართველო ბოსტნეულის წარმოებით ადგილობრივ მოთხოვნას ექსპორტის გარეშე წლებია ვერ აკმაყოფილებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყანამ იზრუნოს ბოსტნეულის წარმოების ზრდასა და მოსავლიანობის ამაღლებაზე, რომ ქვეყანა თვითკმარი გახდეს ამ მიმართულებით. შესაბამისად, დარგისთვის აქტუალურია  XI საუკუნის ტექნოლოგიური მიღწევების მასშტაბურად დანერგვის საკითხი და ამ ფორმით მოსავლიანობისა და ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობა.

  • ბოსტნეული კულტურები

თხილის წარმოება საქართველოში

October 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

See more+