საქართველოში ბოლო წლებში საძოვრებთან დაკავშირებული გამოწვევები სულ უფრო აქტუალური ხდება. გადაჭარბებულმა ძოვებამ ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიწვია ჰაბიტატის დეგრადაცია: ბალახოვანი საფარის საგრძნობი შემცირება, ნიადაგის დამლაშება, ე.წ „ცუდი მიწების“ მომრავლება და ჭალის ტყეების შემცირება. ჭარბი ძოვება ასევე უარყოფითად მოქმედებს ბიომრავალფეროვნებაზე.
საქართველოში საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი ხშირად გასხვისებულ საძოვრებს უკავშირდება და ეს პრობლემა არაერთ რეგიონში დგას. სულ უფრო მეტი სოფელი რჩება საძოვრების გარეშე. აღნიშნულ პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ მიწებს საძოვრის სტატუსი არ აქვთ.
ახალი პროგრამის - „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობა“-ს ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრის კატეგორიის 3 219 ერთეული მიწის ნაკვეთზე (რომლის საერთო ფართი - 89 905 ჰექტარია) ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საძოვრების მოვლა-სარგებლობის სისტემის დანერგვა. თავის მხრივ, ეს საძოვრების რაციონალური გამოყენების, ხარისხობრივი გაუმჯობესების, მეცხოველეობის განვითარების და ადგილობრივი პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბარის საძოვრებზე უფრო ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე მთის საძოვრებზე. ბარის საძოვრებზე იმაზე მეტი საქონელი ძოვს ვიდრე ტერიტორიას აქვს გამოკვების პოტენციალი. ამ მიმართულებით არ არსებობს სარწყავი სისტემების გამოყენების კულტურა, ბუნებრივი კლიმატური პირობები და ნალექების მოსვლის სიხშირე და რაოდენობა კი არაა საკმარისი მოთხოვნის შესაბამისი ბალახის საფარის გასაზრდელად. შედარებით დამაიმედებელი სურათია მთის საძოვრებზე, რადგან იქ „მოთხოვნა-მიწოდების“ ბალანსია. არის ადგილები, სადაც საძოვრების გატყევების ნიშნებიცაა ( მაგ: რაჭა)
გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოში ზამთრის საძოვრები თითქმის სამჯერ ნაკლებია ვიდრე ზაფხულის, თან შედარებით დაბალმოსავლიანია და უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოიყენება.
საქართველოს მსგავსად, მსოფლიოშიც არსებობს საძოვრებთან დაკავშირებით პრობლემები, რომლებიც ძირითადად ხშირ ძოვებასთანაა დაკავშირებული. ჭარბმა ძოვებამ, არა მხოლოდ შეამცირა საძოვრების პროდუქტიულობა, არამედ გამოიწვია ნიადაგის ნაყოფიერების დაკარგვა. გარდა აღნიშნულისა, საძოვრების დეგრადაციის გამომწვევ მიზეზებად მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, შესაბამისად ინტენსიური წარმოების გახშირება და მიწათმოქმედების დაუდევარი პრაქტიკა ითვლება.