მსოფლიოს უმეტეს რეგიონში, მტკნარი წყლის 70% სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში გამოიყენება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის ზრდის პარალელურად 2050 წლისთვის მტკნარი წყლების მოხმარება 15 %-ით გაიზრდება, რაც თავისთავად სოფლის მეურნეობის დარგთანაც იქნება დაკავშირებული.
სოფლის მეურნეობაში წყლის რესურსს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სარწყავი წყლის რაოდენობა და ვარგისიანობა გავლენას ახდენს ნათესებისა და ნარგავების მოსავლიანობაზე, წარმოებული პროდუქტის ხარისხზე, სიჯანსაღეზე და კვებით ღირებულებაზე. გარდა ამისა მნიშვნელოვანია წყლის ხარისხი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სურსათის უვნებლობისთვის.
მსოფლიოს მასშტაბით სავარგულები, რომლებიც საჭიროებენ სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფას, მთლიანი დამუშავებული მიწების დაახლოებით 20%-ს შეადგენს და მთლიანი წარმოებული საკვების თითქმის 40%-ს ქმნიან. გლობალური დათბობით გამოწვეულმა პრობლემებმა გამოიწვია სარწყავი სისტემით აღჭურვილი სავარგულების რიცხოვნობის ზრდა, სისტემების ტექნოლოგიების განვითარება და მასშტაბური პოპულარიზაცია.
უნდა აღინიშნოს, რომ სარწყავი სისტემით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მინიმუმ ორჯერ პროდუქტიულია, ვიდრე ისინი, რომლებიც მხოლოდ ნალექების ხარჯზე იღებენ წყალს. ამასთან ერთად, სარწყავი სისტემის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის რესურსების დანაკარგს.
საირიგაციო წყლის პრობლემების გადასაჭრელად ბევრი ქვეყანა ეცადა წყლის რესურსების მართვის ეფექტური მეთოდების ჩამოყალიბებას. მათ შორის აღსანიშნავია წვეთოვანი სარწყავი სისტემები, რომელიც თანამედროვე სარწყავ სისტემებს შორის, ყველაზე აპრობირებული და ეფექტური მეთოდია, მისი საშუალებით მცენარეს მიეწოდება ზუსტად იმ რაოდენობის წყალი, რაც მისი განვითარებისათვისაა საჭირო. წვეთოვანი სარწყავი სისტემა საშუალებას იძლევა მცენარეს სარწყავი წყალი მიეწოდოს უშუალოდ ფესვთა სისტემის ზონაში, ასევე კულტურას წყალთან ერთად მიეწოდოს მინერალები, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსავლიანობას და ნაყოფის ხარისხს.
საგულისხმოა ისრაელის მაგალითი, რომელიც წყლის სერიოზულ კრიზისს განიცდის. აღნიშნულთან გასამკლავებლად ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის სექტორში აქტიურად იყენებენ წვეთოვან სარწყავ სისტემებს.
„წვიმიანი სოფლის მეურნეობა“-ის პრაქტიკა წარმატებული გამოდგა წყლის პრობლემის გადასაჭრელად. სისტემა გულისხმობს წვიმის წყლების წყალშემკრები საცავების მოწყობას, საიდანაც წყალი ნაწილდება კულტურებზე საჭირო პერიოდულობით ნალექების არათანმიმდევრული მოსვლის პირობებში. მთელს მსოფლიოში სოფლის მეურნეობის სექტორს, გლობალური დათბობის გაზრდილი ზემოქმედების ფონზე, სასიცოცხლოდ სჭირდება წყლის რესურსების მართვის მსგავსი სისტემები, რომ წყლის რესურსები რაციონალურად იყოს გამოყენებული.
საირიგაციო წყლის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტემპერატურის მატება და გახშირებული გვალვებია. საირიგაციო წყლის დეფიციტი ძირთადად გვალვიან პერიოდში იქმნება, როცა ყველაზე დიდია წყლის საჭიროება. გლობალური დათბობა დიდი რაოდენობით წყლის აორთქლებას იწვევს, როგორც ხმელეთიდან, ასევე ოკეანეებიდან, მისი გავლენითვე საბოლოოდ იცვლება არა მარტო ტემპერატურა, არამედ წვიმების სიხშირე, რაც იწვევს წყლის რესურსების კრიზისს ცხელ დღეებში.
პრობლემა ნაცნობია საქართველოსთვისაც. ქვეყანას წყლის უხვი რესურსი აქვს, მიუხედავად ამისა წყლის ხელმისაწვდომობა მკვეთრად იცვლება სეზონების მიხედვით. ჩვენს ქვეყანაში შეცვლილი კლიმატის გამო, ნალექების არათანაბარი გადანაწილებაა, როდესაც ნათესებს წყლის დეფიციტი აქვთ, იმ პერიოდში საერთოდ არ მოდის ნალექი, ხოლო როცა წყლის საჭიროება აღარ აქვთ მაშინ - პირიქით. შეცვლილია ნალექების გადანაწილებაც - მაგალითად, დასავლეთ საქართველოში წლიურმა ნალექებმა მოიმატა, ხოლო დედოფლისწყაროში, სადაც ისედაც გვალვებია, ძალიანაა მომატებული ტემპერატურა. ამის ფონზე კი, ბევრ რეგიონში მწყობრიდანაა გამოსული სარწყავი არხების ინფრასტრუქტურა, რაც ართულებს წყლის მიწოდებას აგრო მიწებზე. ფერმერებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდში არ აქვთ წყალი ნაკვეთებზე.
საქართველოში სარწყავი წყლის სისტემის გამართვა აუცილებელი პირობაა მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის. წყლის რესურსების ხელმისაწვდომობა და მიწოდება წარმოადგენს მძლავრ იარაღს სოფლად ეკონომიკური განვითარებისთვის. გლობალური დათბობის ფონზე, ალბათ მალე არ დარჩება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, რომელიც არ მოითხოვს სარწყავი სისტემის არსებობას. ამიტომ მნიშვნელოვანია წყლის სისტემების სწორი და დროული მენეჯმენტი.
ჩვენ, როგორც მსოფლიოს ნაწილი, ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლას. ამ მიმართულებით აშკარაა საირიგაციო ტენდენციები ადგილობრივ ფერმებსა და ბაღებში. ხდება უფროდაუფრო მეტი წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟი და ფიქრი “ზუსტი სოფლის მეურნეობის” მიმართულებით, რაც პირველ რიგში თავად ფერმერის ინტერესშია, ხოლო საბოლოო ჯამში ამ მცირედი ნაბიჯებით წვლილს შევიტანთ გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეშიც.