მიმდინარეობს საიტის განახლება

სენსორები სოფლის მეურნეობაში

January 15, 2023
5a3be4ec631b066d69f469c6dd4b8a7f.png

XXI საუკუნის აგრარულ ინდუსტრიაში, სენსორებმა რევოლუცია მოახდინა. ჭკვიანი სოფლის მეურნეობა, რომელიც ასევე ცნობილია ზუსტი სოფლის მეურნეობის სახელით, სენსორების გარეშე წარმოუდგენელია. ზუსტი სოფლის მეურნეობის პრინციპებს, როგორიცაა წყლის ეფექტური გამოყენება, სასუქების, პესტიციდების დანახარჯი და სხვა, სენსორების გამოყენებით ვაღწევთ.


ფართობების გამსხვილებასთან და დიდი კოოპერატივების ჩამოყალიბებასთან ერთად იზრდება სენსორების საჭიროებაც, რადგან, დიდი ფართობების შემთხვევაში რთულია პრობლემის მიკვლევა და მათი სეგმენტურად / ლოკალურად გადაჭრა. გარდა ამისა კვლევებიც ადასტურებს სენსორების ბაზრის ზრდას, რაც მისი გამოყენების საჭიროებას უსვამს ხაზს. “Facts and Factors”-ის კვლევის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო სენსორების ბაზარი 2020 წელს დაახლოებით 1.36 მილიარდი აშშ დოლარი იყო. მოსალოდნელია, რომ ბაზარი გაიზრდება 11,56%-ით და 2026 წლისთვის 2,63 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. 

საინტერესოა, უფრო კონკრეტულად რა მისია აქვს სოფლის მეურნეობაში სენსორულ ტექნოლოგიებს?

სენსორები ფერმერებს აწვდიან ინფორმაციას ნიადაგის მდგომარეობის, წყლის, სინათლის, ტენიანობის და ტემპერატურის შესახებ, უფრო მეტიც, სენსორები ტონალურ რეჟიმში გვაწვდიან მონაცემებს მცენარის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

წარმოებაში მნიშვნელოვანია კონტროლდებოდეს ნებისმიერი ცვლადი, რაც გავლენას ახდენს მცენარის განვითარების ციკლზე. თანამედროვე სოფლის მეურნეობაში წარმოების ჯაჭვში, სენსორები  ყველაზე საიმედო ,,ასისტენტები” არიან ფერმერებისთვის. 


სოფლის მეურნეობის სექტორში გამოყენებადი სენსორების ძალიან დიდი სპექტრი არსებობს, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მთავარი მიმართულება როგორიცაა: 

ნიადაგზე დასაკვირვებელი სენსორები - ნიადაგის სენსორების საშუალებით ფერმერს აქვს შესაძლებლობა ყოველდღიურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია და განსაზღვროს ნიადაგის ტენიანობა, ტემპერატურა, აერაცია, დამლაშება და მჟავიანობა (EC /pH), მიკრო და მაკროელემენტების შემცველობა ნიადაგში და სხვა.


კლიმატზე/გარემოზე დასაკვირვებელი სენსორები - კლიმატის სენსორების საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, მოსალოდნელი ყინვის საშიშროება, ქარის სიჩქარე და მიმართულება, მოსალოდნელი ნალექი და ინტენსივობა, ატმოსფერული წნევა, მზის რადიაცია.

მცენარეზე დასაკვირვებელი სენსორები (ფესვები, ღერო, ვარჯი, ყვავილები, ფოთლები და ნაყოფი).

ყველაზე მთავარი სარგებელი, რაც სენსორებმა მოუტანა აგრო საზოგადოებას  დროის დაზოგვა და მცირე  დროში მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრისა და პრევენციის შესაძლებლობაა. აგრო პროდუქცია მალფუჭებადი და სენსიტიურია გარემო პირობების შეცვლაზე, თანამედროვე ტექნიკით კი წინასწარ ხდება რისკების ამოცნობა და აგროტექნიკური ოპერაციების გაწერაც ბევრად ეფექტური ხდება ამ გზით. 

არსებობს სკეპტიციზმი სენსორებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ბევრი თვლის, რომ ისინი ფუფუნების საგნებია, ან მხოლოდ ტრადიციული მეთოდით მოყვანილი პროდუქტი შეიძლება იყოს ჯანსაღი და ამ გზით უნდა ხდებოდეს წარმოება. შეგვიძლია ვუპასუხოთ ასეთ სკეპტიკოსებს - ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სენსორები შეიქმნა საკვებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაქსიმალური მოსავლიანობის მისაღებად მინიმალური დანახარჯებით. სენსორული მოწყობილოები, ამ ცვალებად კლიმატურ გარემოში, წარმოებების ადაპტაციის ჯერჯერობით შეუცვლელი საშუალებებია.



თხილის წარმოება საქართველოში

October 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

See more+