სოფლის მეურნეობის ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის და ამ პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიებს უდიდესი როლი უჭირავთ.
თანამედროვე აგრონომია იმ ფაზაშია, როცა ხილულს მიღმა ვიხედებით, როცა უფრო მეტის გაგება და რაც მთავარია, პროგნოზირება შეგვიძლია.
სოფლის მეურნეობამ განვლო სამი საკვანძო რევოლუციური ეტაპი და დღეს ვიმყოფებით სოფლის მეურნეობა 4.0 პერიოდში.
· ნეოლითური რევოლუცია - 1200 წლის წინ;
· ინდუსტრიული რევოლუცია - მე-18, მე-19 საუკუნეები;
· მწვანე რევოლუცია - მე-20 საუკუნის 50 - 60-იანი წლები;
· ციფრული რევოლუცია / სოფლის მეურნეობა 4.0 - დღეს, ახლა.
რა არის ჭკვიანი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში?!
ჭკვიანი ტექნოლოგიები აერთიანებს სენსორებს, ალგორითმებს, სატელიტებს, დრონებს, მოწინავე პრაქტიკებს და ა.შ.
აგრო ინდუსტრიაში ჭკვიანი ტექნოლოგიები მასიურად ფეხს ახლა იკიდებს. დღეს მსოფლიო სოფლის მეურნეობის საზოგადოება ყველა ეტაპზე ცდილობს ჭკვიანი მოწყობილობების ინტეგრაციას, ხოლო ალგორითმების დახმარებით მათგან ფართო სპექტრის ინფორმაცია მიიღება.
ისინი ინტეგრირდება სასოფლო სამეურნეო აგრეგატებში, ტექნიკაში, უშუალოდ მცენარეში და მის გარშემო, ჭკვიანი ტექნოლოგიები გამოიყენება მონიტორინგისთვის, პროგნოზირებისთვის.
რისი გაზომვა შეგვიძლია აგროსენსორებით?
ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნიადაგში ტემპერატურა, მარილიანობა ტენი და სხვა, შეგვიძლია ფოთლის იმიტაცია შევქმნათ და პოტენციური მავნებლების და დაავადებების გავრცელება ვიწინასწარმეტყველოთ, შეგვიძლია სატელიტით ბაღის მდგომარეობა განვითარება და სტრესი ვაკონტროლოთ.
შესაძლებელია ბაღში ნაყოფის დათვლა, მათი ყალიბის გაგება და პოტენციური მოსავლის პროგნოზირება, მასზე დაყრდნობით წინასწარ კონტრაქტების მომზადება. შეგვიძლია ნიადაგში ქვების რაოდენობა დავითვალოთ, შეგვიძლია ნაკვეთის 3D მოდელირება და ა.შ
შესაძლებლობები უსაზღვროა უამრავი თუმცა გამოწვევებიც ბევრია, მთავარი პრობლემა არა ჭკვიანი ტექნოლოგიების ინტეგრაცია და გამოყენებაა, არამედ მათი სწორად წაკითხვა, ინტერპრეტირება და გამოყენებაა.
სენსორებს და მათ პრაქტიკულობას შეგვიძლია შევხედოთ ორი კუთხით:
1. რას აძლევს ის უშუალოდ ფერმერს;
2. რა სარგებელის მომტანია კაცობრიობისთვის.
ფერმერს შეუძლია
· იყოს უფრო სწრაფი და მოქნილი;
· დაზოგოს ფული;
· აწარმოოს მეტი;
· მიიღოს მეტი მოგება.
ქვეყანა აქედან იღებს:
· ნაკლებ დეგრადირებულ ნიადაგს;
· ნაკლებ დაბინძურებულ გარემოს;
· მეტ დაზოგილ წყალს (დედამიწაზე არსებული მტკნარი წყლის 70%-ს მოიხმარს სოფლის მეურნეობა);
· მეტ საკვებს;
· ნაკლებ სათბურ აირებს;
· უფრო უსაფრთხო მომავალს.
სენსორები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც რესურსები ძალიან ძვირია და მაქსიმალურად სიზუსტით უნდა იქნეს ათვისებული, მაგალითად წყლის რესურსი ესპანეთში ან ისრაელში ან თუნდაც კახეთში.
რა ხდება გლობალურად?
დღეის მონაცემებით აგრო სენსორების ბაზარი შეფასებულია 3.3 მილიარდი დოლარით ხოლო წლიური ზრდის მაჩვენებელი მომდევნო წლებისთვის 10.2%-ს შეადგენს.
სენსორების/ჭკვიანი ტექნოლოგიების მიმართულებით მდგომარეობა ყველგან ერთნაირია. სენსორები ყველგან ახალია ყველა აღმოჩენის ეტაპზეა და ყველა უყურებს იმედის თვალით.
რა ხდება საქართველოში?
საქართველო ამ გლობალურ ტენდენციებს არაა მოწყვეტილი, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო პირები ცდილობენ მოერგონ ამ გლობალურ ტენდენციებს.
ფერმერები თავისი ინიციატივით ყიდულობენ და ამონტაჟებენ ბაღში ჭკვიან ტექნოლოგიებს, რომლის შედეგიც სახეზეა და მხოლოდ უფრო მეტი ინტეგრაციისკენ მიიღწვიან, ხოლო სახელმწიფო ცდილობს როგორმე დაინახოს ის სწორი ფორმულა თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ფერმერებს მაქსიმალურად ეფექტურად იმ მწირი რესურსით რაც ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია.
აგრო სოლუშენს ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ დაინახა ის ფანჯარა სადაც მომავალი უფრო ნათელია ვიდრე აპოკალიფსური, ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ეძებს პარტნიორებს, მწარმოებლებს და ინოვაციებს რათა საქართველოში დანერგოს „მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკები“ ვესაუბრებით ინოვატორებს და აგრონომებს: ავსტრალიაში, კალიფორნიაში, ესპანეთში ჩილეში, არგენტინაში და მსოფლიოს უამრავ კუთხეში. ჩვენ ვხედავთ რომ „ხვალ“ უკვე დადგა, ის ახლა ხდება და ამას მომზადებულები უნდა შევხვდეთ.
რა გველის მომავალში/რა ადგილი უჭირავს ამ მომავალში სენსორებს?
კაცობრიობა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, რომლებიც სასიცოცხლოა და მის გადასაჭრელად სულ უფრო და უფრო ცოტა დრო გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი კლიმატის ცვლილება, მსოფლიოს მზარდი მოსახლეობა და საკვების დეფიციტია.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროგნოზებით 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა 10 მილიარდს მიუახლოვდება.
შესაბამისად რომ გადავრჩეთ:
· უნდა ვაწარმოოთ მეტი;
· უნდა დავაბინძუროთ ნაკლები, რომ კვლავ ვაწარმოოთ მეტი.
ამის მიღწევა კი სიზუსტით, რესურსების მაქსიმალურად სიფრთხილით გამოყენებით და ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ „სოფლის მეურნეობა 4.0-ის“ გზითაა შესაძლებელი
ახლა არის ფანჯარა ინოვაციებისთვის, რადგან მთლიანად სექტორი ახლა იწყებს გაციფრულებას და უნდა ველოდოთ, რომ ამ ათწლეულში როგორც სენსორები, ისევე მთელი სოფლის მეურნეობა ძალიან შეიცვლის ფორმას და ამას მზად უნდა შეხვდეს აგრო ინდუსტრია.